კანაფის კულტივაცია

ბახტაძე კანაფზე: საზოგადოებრივი მოსაზრება იყო კანონპროექტი გაწვეულიყო, ასეც მოვიქეცით

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არასოდეს მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ისე, თუ ეს არ იქნება ქართულ საზოგადოებასთან ძალიან ფართო კონსენსუსის შედეგი," - საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ კიტხვას პასუხობს.

"მმართველმა გუნდმა თავიდანვე განაცხადა, რომ კონსულტაციებს გაივლიდა ყველა მხარესთან, მათ შორის საატრიარქოსთან და საზოგადოების მოსაზრებებს მოისმენდა. მოვისმინეთ კონკრეტული შეხედულებები ამ პროექტის შესახებ და მივიღეთ ძალიან ობიექტური გადწყვეტილება. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ხელწერა, რომ ყველა პროექტის წინაპირობად მიგვაჩნია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი. საზოგადოებრივი შეხედულება და მოსაზრება იყო ის, რომ ეს კანონპროექტი უნდა გაწვეულიყო უკან და ასეც მოვიქეცით”, - თქვა მამუკა ბახტაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა კანაფის კულტივაციის კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გამოიწვევს. ეს საკითხი მან და ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოში, ილია მეორესთან შეხვედარზე განიხილეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ გახარიამ თქვა, რომ არსებული პოლიტიკური კონტექსტიდან, მათ შორის არჩევნებიდან გამომდინარე, ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ იქნა მიღებული. 

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს - განიხილებოდა მოდელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავიდოდა.

ამ ინიციატივიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელთა მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყო. 

ფინანსთა მინისტრმა კი თქვა, რომ მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის ექსპორტით ქვეყანა 1 მილიარდს იშოვიდა. 

ინიციატივას საზოგადოების ნაწილის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა. სასულიერო პირების ნაწილმა მთავრობის ინიციატივა გააკრიტიკა და პარაკლისიც გადაიხადა. წინააღმდეგი იყო მეუფე იაკობიც. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კი თქვა, რომ "სამშობლოსთვის გული ხელისუფლებასაც შესტკივა". 

მაშინ მმართველმა გუნდმა პარლამენტში კანონის განხილვა შეაჩერა, თუმცა არ გაუწვევია. 

1 ნოემბერს პრესკონფერენცია მოიწვიეს ძალადობრივ ჯგუფის, ქართული მარშის წევრებმა და თქვეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარს დაუჭერდნენ, თუ ხელისუფლება ორ პირობას შეასრულებდა, მათგან ერთ-ერთი სწორედ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევაა. 

კომენტარები