დონალდ ტრამპი

ტრამპი: ხაშოგის მკვლელობის ჩანაწერის მოსმენის გარეშეც ვიცი ყველაფერი, რაც მოხდა

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: AFP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის აუდიო ჩანაწერისათვის თავად არ მოუსმენია, თუმცა ყველაფერი იცის რაც ჩანაწერშია.

"მე ყველაფერი ვიცი რაც მოხდა ისე, რომ ჩანაწერის მოსმენა არ მჭირდება. ის ძალიან ძალადობრივი, სასტიკი და საშინელია."

ინტერვიუში ტრამპმა ასევე თქვა, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა მას უთხრა, რომ მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა და შესაძლოა ვერასოდეს დაადგინონ ვინ იდგა მკვლელობის უკან.

"ჩვენ გვყავს მოკავშირე და მინდა, რომ დავრჩე ამ მოკავშირესთან, რომელიც ჩვენთვის მრავალმხრივ კარგია." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ჟურნალისტის მკვლელობასთან პრინც მუჰამედ ბინ სალმანის კავშირი დაადგინა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით აშშ-ის მთავრობას მკვლელობასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა ჯერ არ აქვს და კვლავ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.

თეთრი სახლის სპიკერის, სარა სანდერსის თქმით ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფასება თავად სააგენტოს დირექტორის, ჯინა ჰასპელისაგან სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად მოისმინა.

ხანძრისაგან დაზარალებულ კალიფორნიაში ვიზიტისას ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფასებას ნაადრევი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა მკვლელობასთან მუჰამედ ბინ სალმანის კავშირი დადგინდეს. ტრამპის თქმით სრული ანგარიში სავარაუდოდ სამშაბათს იქნება მზად.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო 17 პირს სანქციები უკვე დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით სანქციების სიაში შესული პირები საუდის არაბეთის სამეფო კარზე მაღალ თანამდებობებს იკავებენ და მათ შორის რამდენიმე სამინისტროების და მთავრობის თანამდებობის პირია.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს ლეტალური ინექციით მოკლეს, შემდეგ კი მისი სხეული დაანაწევრეს და შენობიდან ამგვარად გაიტანეს.

ის მკვლელობაში ბრალდებული 11 პირიდან 5-ის სიკვილით დასჯას ითხოვს, რომლებიც, მისი თქმით დანაშაულის დაკვეთაში და აღსრულებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.

მკვლელობასთან კავშირში საუდის არაბეთმა სულ 21 ადამიანი დააკავა და 6 თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები