არჩევნები 2018

ცესკო: კენჭისყრის პროცესმა მშვიდად და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა

0 კომენტარი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესმა მთელს ქვეყანაში მშვიდად და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა.

უწყების პრესსპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგზე თქვა, რომ საერთო ჯამში ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა 261 საჩივრით მიმართეს, რომელთა უმეტესობის ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა.

"არჩევნების მეორე ტური ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა. კენჭისყრის პროცესმა მთელს ქვეყანაში მშვიდად და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა. იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები, რომლებზეც, უმრავლეს შემთხვევაში, ადმინისტრაციას საარჩევნო უბნებზევე ჰქონდა რეაგირება", - თქვა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ერთეულ შემთხვევებში, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების გაბათილებაც მოითხოვეს. მიქელაძე აღნიშნავს, რომ ყველა საჩივარს საარჩევნო ადმინისტრაცია კანონით დადგენილი წესითა და ვადებით განიხილავს.

ცესკო-ს პრესსპიკერი განმარტავს, რომ კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ ხმის დათვლის პროცედურები დაიწყო. საარჩევნო უბანზე ყველა ოფიციალური პროცედურის დასრულების შემდეგ, საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. საოლქო საარჩევნო კომისიები კი სპეციალური პროგრამის საშუალებით ელექტრონულად მიაწვდიან ცესკოს და შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე - www.results.cec.gov.ge.

ანა მიქელაძის თქმით, უწყებაში პირველადი ოქმები 22:00 საათისთვის შევა, ძირითადი ოქმები კი 23:00 საათიდან და სავარაუდოდ, არაუგვიანეს ღამის 02:00 საათისა, ცესკო არჩევნების პირველად, წინასწარ შედეგებს გამოაქვეყნებს.

"როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და დამკვირვებლები  ინფორმაციას შედეგების შესახებ საარჩევნო უბნებიდანვე სხვადასხვა საშუალებებით ავრცელებენ. თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია დაელოდოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოფიციალურ მონაცემებს და მხოლოდ ოფიციალური შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დათვლილ პირველად, წინასწარ შედეგებს გავაცნობთ საზოგადოებას", - აღნიშნა პრესსპიკერმა.

მისივე ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს ავღანეთის 2 საარჩევნო უბნის ხმის დათვლის პროცედურები და შედეგები შემაჯამებელი ოქმების შედგენისთანავე ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებ-გვერდზე.

"საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ მშვიდ ვითარებაში, ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი", - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ დააკვირდეს ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს "ფეისბუქზე", "იუთუბსა" და ვებგვერდზე მოხდება.

ანა მიქელაძემ ასევე აღნიშნა, რომ დღეს, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და მთელი დღის მანძილზე 1 739  ზარი და 522 შეტყობინება მიიღო. პრესსპიკერის თქმით, მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის 56.23%-მა, რაც რაოდენობრივად 1 975 845-მა ადამიანია. ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში - 72.72 %, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა წალკაში - 43.12 %. თბილისში 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 55.9% შეადგინა. ამომრჩეველთა აქტივობა პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, 20:00 საათისთვის 46.74%, (1 637 956 ამომრჩეველი) იყო.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2-სა" და "იმედის" ეგზიტპოლების მიხედვით, ხალხმა არჩევანი "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთა. ორივე გამოკითხვაში განსხვავებული მაჩვენებლით, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს:

  • Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები 55%-ით მოიგო. გრიგოლ ვაშაძემ კი ხმების 45%-ის ხმა მიიღო. 
  • ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი 58%-ით იმარჯვებს. გრიგოლ ვაშაძეს ხმების 42% აქვს.

დღეს საქართველო მე-5 პრეზიდენტს ირჩევს. ეს ბოლო შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ხალხის მიერ აირჩევა. ახალი კონსტიტუციით, რომელიც მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მე-5 პრეზიდენტი ფიცს დადებს, პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები