გაერთიანებული ოპოზიციაში კი ამბობდნენ, რომ თავდაპირველად თელავში გომბორის გავლით მიდიოდნენ, თუმცა გზა ჩაკეტილი დახვდათ და პოლიციამ გურჯაანის გავლით წასვლა შესთავაზა. "ძალა ერთობაშიას" წევრები და მხარდამჭერები ასეც მოიქცნენ, თუმცა, გურჯაანთან მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გზაც ჩაკეტილია. ამას ოპოზიციის მხარდამჭერებს და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ამის შემდეგ ტერიტორიაზე მივიდნენ შსს-ს მაღალჩინოსნები და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდეს თელავისკენ ყვარლის გზით წასულიყვნენ. საპატრულო პოლიციის უფროსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მარშრუტი წინასწარ იყო დაანონსებული, თუმცა გაერთიანებულ ოპოზიციას არ სურს ამ გზით ისარგებლოს.
ტაბულა დაინტერესდა მართლა იყო თუ არა მსგავსი შეთავაზება და თუ იყო, როდის მიიღო ასეთი წინადადება ოპოზიციამ.
თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებები გადავამოწმეთ. გამომდინარე იქედან, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თელავში აქცია 12 დეკემბერს დააანონსა, შსს-ს გვერდზე ინფორმაციაც სწორედ ამ თარიღიდან ვეძებეთ.
აღმოჩნდა, რომ 12 დეკემბერს უწყებას არც ერთი განცხადება არ გამოუქვეყნებია, შემდეგ დღეებში კი მათ ვებ-გვერდზე ვრცელდებოდა ინფორმაცია მხოლოდ კრიმინალური ქრონიკისა და შსს-ს კამპანიებისა თუ მინისტრის ვიზიტების შესახებ.
თელავში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება მხოლოდ გუშინ დილით გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ "კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება".
არანაირ ალტერნატიულ გზაზე ტექსტში საუბარი არ ყოფილა. განცხადებაში უწყება აღნიშნავდა, რომ "მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია". შსს ირწმუნებოდა, რომ უზრუნველყოფილი იქნებოდა როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.
გარდა ამისა, უწყება აქციების ორგანიზატორებს მართლწესრიგის დაცვასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დამორჩილებისკენ მოუწოდებდა.
შემდეგი განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12:53 საათზე, მას შემდეგ გაავრცელა, რაც გურჯაანში, კერძოდ კი ველისციხეში დაპირისპირება დაიწყო. უწყება ამტკიცებდა, რომ ინაუგურაციის პარალელურად დაანონსებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის უსაფრთხო მარშრუტი. შსს-ს ამის მიზეზად სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადს ასახელებდა. უწყება არ ამბობდა კონკრეტულად როდის შესთავაზეს ოპოზიციას ალტერნატიული მარშრუტი. განცხადებაში ასევე ეწერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს თბილისი-ყვარელი-თელავის მიმართულებით ალტერნატიული ტრანსპორტიც შესტავაზა, რომელიც ფეხითმოსიარულეების თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფდა.
დაახლოებით 14:00 საათზე კი შსს-ში ამ თემაზე ბრიფინგი გაიმართა. უწყების წარმომადგენელი ხაზს უსვამდა, რომ თელავის მიმართულებით გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადება ჯერ კიდევ დილით გავრცელდა.
მამუკა ჭელიძე, შსს-ს წინა განცხადების მსგავსად, ამბობდა, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეთავაზებული ჰქონდათ ალტერნატიული, უსაფრთხო მარშრუტი, რომლითაც ისინი ველისციხის გადასახვევიდან ყვარლის გავლით მშვიდობის ქუჩით შეძლებდნენ თელავში მოხვედრას.
უწყების წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა, ალტერნატიული მარშრუტისა და ტრანსპორტის შეთავაზებისა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, გადაუხვიეს შეთავაზებულ მარშრუტს, დაიწყეს ღია დაპირისპირება და ძალადობა პოლიციასთან.
ინაუგურაციის შემდეგ კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმაც. გიორგი გახარიამ პოლიციელებს ბოდიში მოუხადა და დაპირდა, რომ "თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება".
მას შემდეგ, რაც ვერც შსს-ს საიტზე და ვერც სხვადასხვა მედიაში მიცემულ ინტერვიუებს შორის ალტერნატიული მარშრუტის შეთავაზება ვერ იპოვა, ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით - სანამ აქციის მონაწილეები 16 დეკემბრს გომბორზე მივიდოდნენ, იყვნენ თუ არა გაფრთხილებულები ალტერნატიული მარშრუტის შესახებ?
უწყებაში კვლავ 16 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაზე მიგვითითეს და აღნიშნეს, რომ პოლიციამ აქციის ორგანიზატორებს ალტერნატიული მარშრუტის შესახებ არაერთხელ უთხრა.
"16 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, ასევე პოლიციამ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს არაერთხელ მიუთითა ალტერნატიულ მარშრუტზე ყვარლის მიმართულებით, სადაც სპეციალურად გამოყოფილი ე.წ. შატლებით მოხდებოდა მათი ტრანსპორტირება ქალაქ თელავამდე. შეთავაზებულ ალტერნატიულ გზას აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები პირდაპირ მიჰყავდა თელავში იმ ადგილამდე, სადაც აქცია ჰქონდათ დაგეგმილი. სხვა გზით წასვლის შემთხვევაში, აქციის ადგილამდე მისასვლელად დემონსტრანტებს უწევდათ თელავში იმ მონაკვეთის გავლა, სადაც ინაუგურაციის მიზნებისთვის გზა იყო გადაკეტილი", - ამბობენ შსს-ში.
ტაბულა დაუკავშირდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც და იკითხა, თელავში აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით პარტიის წარმომადგენლებს თუ ჰქონდათ კომუნიკაცია შსს-სთან. პრესსამსახურში ამბობენ, რომ არანაირი შეხვედრა ან სატელეფონო ზარი გუშინდელ ინციდენტამდე არ ყოფილა.
"ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს. კოლონა თბილისიდან რომ გავედით და მივედით გომბორის გადასახვევთან, დაგვხვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და გვაჩვენეს, რომ იქ ვერ გავიდოდით. კირკიტაძე გაჩერდა, იმათ უთხრეს, რომ აქედან ვერ გავიდოდით და გურჯაანის მხრიდან უნდა წავსულიყავით. წავედით გურჯაანში და სანამ ველისციხემდე მივიდოდით, ვიღაცები დაგვახვედრეს, რომლებმაც ქვები გვესროლეს, შეხლა-შემოხლა მოხდა. გზა რომ გავაგრძელეთ, დაგვხვდა პოლიციის კორდონი. იქ ამავი რომ ატყდა, მერე მოვიდა შსს-ს წარმომადგენელი და მერე შემოგვთავაზა წაგიყვანთ შატლებითო", - ამბობენ პრესსამსახურში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვით ხსნის. პარალელურად, იურისტების ნაწილი გზის ჩაკეტვის გამო მოქალაქეების შეკრებისა და გადაადგილების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვაზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ მომიტინგეთა თელავისკენ თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფისკენ გუშინ შსს-ს სახალხო დამცველმაც მოუწოდა.
წაიკითხეთ: გადაადგილების უფლების შეზღუდვა ინაუგურაციის პარალელურად - დღის ქრონიკა