გრიპის ვირუსი

გრიპის ვირუსის გამო, ზამთრის არდადეგები სკოლებში 21 იანვრამდე გახანგრძლივდა

0 კომენტარი
ფოტო: thedailysheeple.com

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 18 იანვრის (პარასკევი) ჩათვლით გახანგრძლივდება. განათლების სამინისტრომ გადაწყვეტილება "მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე" მიიღო. სასწავლო პროცესი 15 იანვარს უნდა დაწყებულიყო.

"მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციის გათვალისწინებით, შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს აძლევს რეკომენდაციას, არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად.

"სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს" - აღნიშნავს განათლების უწყება.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში გრიპის ვირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის შეფასებით, "მიმდინარეობს რაღაც მიზანმიმართული დაშინება მოსახლეობის, გეგონება, გრიპი პირველად არის". NCCD-ის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გრიპის ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი 2009-2010 (53 პაციენტი) და 2015-2016 წლებში (50 პაციენტი) გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.

ეს სამედიცინო დაწესებულებებია:

  • შპს მედკაპიტალი-გლდანი მის: ვეკუას ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-საბურთალო მის: გამრეკელის ქ. N19.
  • შპს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.
  • შპს მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელის ქ. N 18.
  • შპს მედკაპიტალი-სამგორი მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს და გაეცანით ბოლო 10 წლის სტატისტიკას - როდის რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში გრიპის ვირუსით.

ასევე ნახეთ სააფთიაქო ქსელები, სადაც ექიმის მიერ დანიშნული ანტივირუსული პრეპარატის ტამიფლუს შეძენას შეძლებთ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნატა ტალიკიშვილი

კომენტარები