გრიპის ვირუსი

სერგეენკო: ჩამოვიდა "ტამიფლუს" 13 000 კოლოფი, დაწყებულია განაწილების პროცესი

ტაბულა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით საქართველოში პრეპარატ "ტამიფლუს" 13 000 კოლოფი ჩამოვიდა და ის რეგიონებსა და თბილისში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, აფთიაქებსა და საოჯახო მედიცინის ცენტრებში განაწილდება:

"ჩამოვიდა კიდევ დამატებითი რაოდენობა "ტამიფლუს". ეს არის 13 000 კოლოფი. ეს არის 13 000 სამკურნალო დოზა. უკვე ახლავე დაწყებულია მისი გადანაწილების პროცესი. გადანაწილდება ძირითადად სამი მიმართულებით.

ერთი მიმართულება არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რაიონებში, რომლებიც აქამდე გასცემდნენ მხოლოდ ორსულებისთვის, სოციალურად დაუცველებისათვის და ზოგადად რისკჯგუფებისათვის. ისინი ხვალ 12:00 საათამდე იმუშავებენ ზეგანსაკუთრებულ რეჟიმში. რაიონული ცენტრები გასცემენ არა მხოლოდ რისკჯგუფებისათვის, არამედ ყველასათვის, იმისათვის რომ აფთიაქებს მიეცეს საშუალება ხვალ 12:00 საათისთვის რაიონებში უკვე სრულყოფილად აამუშავონ დისტრიბუცია.

მეორე მიმართულებაა აფთიაქები, აფთიაქების ჩამონათვალი და ლოკაცია გამოქვეყნდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე. ცხელ ხაზზე - 1505, ნებისმიერ დროს შესაძლებელია ამ ინფორმაციის მიღება. აფთიაქების საშუალებით გაცემა დაიწყება დღეს 8-9 საათიდან თბილისის მასშტაბით და ხვალ 12 საათიდან რაიონებში.

მესამე მიმართულებაა საოჯახო მედიცინის ცენტრები თბილისში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ამ 5 ცენტრს უკვე ახლა გააქვთ საკმაო მარაგი და 6 საათისთვის "ტამიფლუს" უკვე პაციენტებზე გასცემენ. ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ." თქვა მან.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით სტატისტიკური მონაცემები ორშაბათს გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვრიდან ანტივირუსული მედიკამენტი "ტამიფლუ", ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სააფთიაქო ქსელებში გაიცემა. მოქალაქე პრეპარატს უფასოდ ექიმის დანიშნულებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის ფორმა N100-ის წარდგენის შემდეგ მიიღებს.

გარდა ამისა, დღეიდან სრულად დაფინანსდება გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საქართველოში გრიპის ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის შეფასებით, "მიმდინარეობს რაღაც მიზანმიმართული დაშინება მოსახლეობის, გეგონება, გრიპი პირველად არის". NCCD-ის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გრიპის ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი 2009-2010 (53 პაციენტი) და 2015-2016 წლებში (50 პაციენტი) გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.

ეს სამედიცინო დაწესებულებებია:

შპს მედკაპიტალი-გლდანი მის: ვეკუას ქ. N 18.

შპს მედკაპიტალი-საბურთალო მის: გამრეკელის ქ. N19.

შპს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57.

შპს მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელის ქ. N 18.

შპს მედკაპიტალი-სამგორი მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს და გაეცანით ბოლო 10 წლის სტატისტიკას - როდის რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში გრიპის ვირუსით.

კომენტარები