საატესტატო გამოცდები

ჯაში: თუ ვაუქმებთ მე-11 კლასის გამოცდას, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასის გამოცდას წელს ერთჯერადად

პარლამენტი

მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასის გამოცდას წელს ერთჯერადად, როდესაც ხდება სისტემური ცვლილება - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა თქვა. 

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება, 13-დან 15 თებერვლამდე იქნება მიღებული. ჯაში ამბობს, რომ ამ საკითხზე განათლების მინისტრთან დამატებითი განხილვა ექნება. 

"თუკი ჩვენ ვაუქმებთ მე-11 კლასის გამოცდას, მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასის გამოცდას წელს ერთჯერადად, როდესაც ხდება სისტემური ცვლილება. ამიტომ, დამატებითი განხილვა მექნება მიხეილ ბატიაშვილთან. საბოლოო გადაწყვეტილება 13- დან 15 თებერვლამდე გვექნება მიღებული გასვლით სხდომაზე, სადაც ჩვენ დავამტკიცებთ საკანონმდებლო და საპარლამენტო ზედამხედველობის სამოქმედო გეგმას",- ამბობს ჯაში. 

მისივე თქმით, ზოგადი უნარების საგნის სავალდებულო ნუსხიდან ამოღებას მიესალმება.

"გუშინდელი პრეზენტაცია იყო ხედვა და არა გადაწყვეტილება. ზოგადი განათლების კანონში აღნიშნული ცვლილებები მოითხოვს სხვა ცვლილებებსაც, შესაბამისად, აუცილებლად გვექნება შესაბამის კომიტეტში განხილვები. შემიძლია პოზიტიურად შევაფასო ზოგადი უნარების საგნის სავალდებულო ნუსხიდან ამოღება და არა გაუქმება, რამდენადაც სკოლები არ ამზადებენ მოსწავლეებს ამ გამოცდის ჩასაბარებლად. აბიტურიენტები და მშობლები იძულებული იყვნენ, კერძო მასწავლებლებისთვის მიემართათ, რაც ზოგი ოჯახისთვის არ იყო ფინანსურად ხელმისაწვდომი. ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად შევაფასებდი",- აღნიშნა ჯაშმა. 

ბათუმში მე-12 კლასელების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. ისინი საატესტატო გამოცდების მათთვისაც გაუქმებას ითხოვენ. 

შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ცნობით, წელს მე-11 კლასელებს საატესტატო გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ, მაგრამ დარჩენილ გამოსაშვებ გამოცდებს მე-12 კლასელები წელს მაინც ჩააბარებენ.

2020 წლიდან ერიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. კონკრეტულად კი, უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, თავად დაამატონ საკუთარი პროგრამის რელევანტური გამოცდა, მათ შორის ზოგადი უნარები. ასევე, 2020 წლიდან ბარიერს დაადგენს უნივერსიტეტი

კომენტარები