სასამართლო სისტემა

გვრიტიშვილი: მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების გადადება ანტისახელმწიფოებრივია

დიმიტრი გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, უვადო მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების 2025 წლამდე გადადებას ითვალისწინებს, ანტიკონსტიტუციურს, დისკრიმინაციულს და ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს. მისი შეფასებით, რაც უფრო გაჭიანურდება "გამოცდილ მოსამართლეთა" უვადოდ გადანიშვნის პროცესი, მით უფრო საფრთხის ქვეშ დადგება მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობა. მას იმედი აქვს, რომ 9 დეპუტატის ინიცატივას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს.

"საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის #1324 კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელსაც ეყრდნობა ხსენებული ინიციატივა, არ შეიცავს დათქმას იმ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების მორატორიუმის თაობაზე, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება. ანუ, საუბარია მოსამართლეებზე, რომლებიც თანამდებობებზე დანიშნულნი არიან 10 წლის ვადით, ან - 3 წლის ვადით და აქვთ სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება (შემდგომში - გამოცდილი მოსამართლეები).

არარელევანტურია ამ ინიციატივის დასაბუთება ვენეციის კომისიის 2017 წლის 19 ივნისის დასკვნით, რადგან ამ დასკვნით არ ყოფილა რეკომენდირებული გამოცდილ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მორატორიუმის გამოცხადება, პირიქით: მოწონებულ იქნა 2017 წელს საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის არსიც შემდეგია: საქართველომ განახორციელოს შემდგომი რეფორმები 2025 წლის 1 იანვრიდან მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის სისტემის საერთოდ გაუქმებისათვის!

ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ვენეციის კომისია და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოც (CCJE) არაერთგზის, მკაფიოდ, მყარად მიუთითებენ თავიანთ რეკომენდაციებში, რომ მოსამართლეთა უვადო დანიშვნები არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გამოხატულება და წინაპირობა! და რომ მოსამართლის გარკვეული ვადით დანიშვნას შეუძლია საერთოდ ძირი გამოუთხაროს მოსამართლის დამოუკიდებლობას (მაგ: იხილეთ ვენეციის კომისიის 2007 წლის 22 ივნისის #403 ანგარიში "მოსამართლეთა დანიშვნების შესახებ“, მე-40 პუნქტი).

საყურადღებოა ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შესახებ მონრეალის 1983 წლის საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც აცხადებს: "მოსამართლეთა გარკვეული ვადით ან გამოსაცდელი ვადით დანიშვნა შეუთავსებელია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან. იქ, სადაც ასეთი დანიშვნები არსებობს, ისინი უნდა გაუქმდეს თანდათანობით“.

ამიტომაც, რაც უფრო დროში გაჭიანურდება გამოცდილ მოსამართლეთა უვადოდ გადანიშვნის პროცესი, მით უფრო საფრთხის ქვეშ დგება ამ მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობა!

ეს საკანონმდებლო ინიციატივა დისკრიმინაციულია იმ თვალსაზრისით, რომ მოქმედი კანონის საფუძველზე უკვე რამდენიმე ათეული მოსამართლე არის დანიშნული უვადოდ; მაშ, რატომ უნდა გამოცხადდეს მორატორიული დარჩენილი, ასევე რამდენიმე ათეული გამოცდილი მოსამართლის მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ განსაზღვრული ვადით ახორციელებენ უფლებამოსილებას?!

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას: შეუძლებელია ამ მორატორიუმის გამოცხადება მხოლოდ ორგანული კანონით, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების გარეშე. ამგვარი ცვლილებების აუცილებლობა კი არ არსებობს, რადგან მოსამართლეთა უვადო დანიშვნების გაგრძელება სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

დიდი იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტი ამ საკანონმდებლო ინიციატივას კანონად არ აქცევს" - წერს გვრიტიშვილი Facebook-ზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ითხოვს რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 2025 წლამდე გადაიდოს. ამ პოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის 8 წევრი იზიარებს: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ლევან კობერიძე და ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი დავით ჭიჭინაძე.

საკანონმდებლო ინიციატივა "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე უნდა შეჩერდეს. ინიციატორები აღნიშნავენ, რომ ამის შესაძლებლობას საქართველოს ახალი კონსტიტუცია იძლევა.

დეპუტატებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი აქვთ. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, შესაძლებელია ეს საკითხი გახდეს გამაერთიანებელი.

ცნობისთვის, "ქართულ ოცნებაში" ბოლო პერიოდში არსებული დაპირისპირების შემდეგ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას დატოვებდნენ. გუშინ, 6 თებერვალს გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ ეკა ბესელიამ თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღეს აიღებს, გედევან ფოფხაძე 5 თებერვალსაც არ გამორიცხავდა წასვლას და ამბობდა, რომ "აქ საუბარია არა უმრავლესობის დატოვებაზე, არამედ იმაზე, ვინ ვის დაასწრებს". ლევან გოგიჩაიშვილმა კი თქვა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მაგრამ მაშინ გაახმოვანებს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის

ქართულ ოცნებაში მომხდარი დაპირისპირების მიზეზი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია გახდა. სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. გუშინ, 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.

აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს კი წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით". 

ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების სხვა წევრებმა კი "ამბოხებული დეპუტატები" გუნდურობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულეს, ვინაიდან მათ პარტიის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობა "გარეთ გამოიტანეს".

აღსანიშნავია ისიც, რომ 5 თებერვალს ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის ეთერში მოსამართლეებზე საუბრისას თქვა, რომ "ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს, ამაშია საქმე".

კომენტარები