აივ/შიდსი

ლონდონელი პაციენტი შესაძლოა მეორე ადამიანი იყოს, რომელიც შიდსისგან განიკურნა

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი

ლონდონელი პაციენტი, რომელსაც სისხლის კიბოზე მკურნალობდნენ 18 თვეა აივ-ის რემისიაში იმყოფება და ინფექციის საწინააღმდეგო წამლებს აღარ იღებს. ის, შესაძლოა, მსოფლიოში მეორე ადამიანი იყოს, რომელიც აივ-სგან განკურნეს მას შემდეგ, რაც ვირუსისადმი რეზისტენტული დონორისგან ძვლის ტვინი გადაუნერგეს.

იშვიათი გენეტიკური მუტაციის მქონე დონორის ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების მიღებიდან სამი წლის შემდეგ, უკიდურესად მგრძნობიარები ტესტები აჩვენებს, რომ მის სისხლში აივ ინფექციის ყველა კვალი გაქრა. 

კაცს "ლონდონელ პაციენტს" უწოდებენ ნაწილობრივ იმიტომ, რომ მისი შემთხვევა ჰგავს სხვა შემთხვევას, როცა ექიმებმა პირველად განკურნეს აივ-სგან "ბერლინელი პაციენტი" ტიმოთი ბრაუნი. მას მსგავსი მკურნალობის კურსი ჩაუტარდა გერმანიაში 2007 წელს და დღემდე აივ-სგან თავისუფალია. 

"მის ორგანიზმში აღარაა ვირუსი, რომლის გამოვლენაც შეგვიძლია. ვერაფერი აღმოვაჩინეთ." - ამბობს რავინდრა გუპტა, აივ-ის ბიოლოგიის სპეციალისტი, რომელიც ხელმძღვანელობდა ექიმთა გუნდს. მისი თქმით, პაციეტი ფუნქციურად განკურნებულია ან რემისიაშია, თუმცა ამბობს, რომ ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ განკურნებულია. 

პაციენტი აივ-ით 2003-ში ინფიცირდა. 2012 წელს მას ასევე დაუსვეს სისხლის კიბოს დიაგნოზი, რომელსაც ჰოჯკინის ლიმფომა ეწოდება.

2016-ში, როცა ის კიბოთი იყო ავად, ექიმებმა გადაწყვიტეს მოეძებნათ დონორი. "ეს მისი გადარჩენის უკანასკნელი შანსი იყო."- განაცხადა გუპტამ. დონორს, რომელიც მისი ნათესავი არ იყო, აღმოაჩნდა გენეტიკური მუტაცია CCR5 delta 32, რომელიც აივ-სადმი რეზისტენტულობას განაპირობებს. 

ტრანსპლანტაციის ოპერაციამ წარმატებით ჩაირა, თუმცა, მას თან ახლდა გართულებები, როგორებიცაა "რეაქცია ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ", როცა დონორის იმუნური უჯრედები თავს ესხმის რეციპიენტის იმუნურ უჯრედებს. 

ექსპერტების უმეტესობა ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ასეთმა მკურნალობამ ყველა პაციენტი განკურნოს. პროცედურა ძვირი, რთული და რისკიანია. შესაბამისი დონორების პოვნა კი პოპულაციის ძალიან მცირე ნაწილში იქნება შესაძლებელი.

სპეციალისტების თქმით, არაა მკაფიო, აივ-ი მხოლოდ CCR5 რეზისტენტულობამ გამოიწვია, თუ განკურებაში წვლილი შეიტანა "მასპინძელი დონორის წინააღმდეგ" გართულებამ. ეს გართულება ჰქონდა როგორც ლონდონელ, ასევე ბერლინელ პაციენტს, რამაც შესაძლოა როლი ითამაშა აივ-ით ინფიცირებული უჯრედების განადგურებაში. 

გუპტა ამბობს, რომ მისი გუნდი გეგმავს ამ აღმოჩენების გამოყენებას, რათა გამოიკვლიოს HIV-ს მკურნალობის ახალი შესაძლო სტრატეგიები. "ჩვენ უნდა დავადგინოთ, შესაძლებელია თუ არა CCR5 რეცეპტორის ამოგდება აივ-ის მქონე პაციენტებში, რაც გენური თერაპიის მეშვეობით შესაძლებელი გახდება.

ლონდონელი პაციენტის შემთხვევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდება. ხუთშაბათს, სიეტლში, სამედიცინო კონფერენციაზე მისი შემთხვევას წარადგენენ. პაციენტმა ექიმებს თხოვა, არ გაემხილათ მისი სახელი, ეროვნება ან სხვა პირადი ინფორმაცია. 

შიდსით მსოფლიოში 37 მილიონი ადამიანია დაავადებული, 1980-იანი წლების შემდეგ ამ ინფექციამ 35 მილიონი ადამიანი მოკლა. ვირუსის მეცნიერულმა შესწავლამ მოიტანა მედიკამენეტების კომბინაციები, რომლებიც პაციენტების უმეტესობაში დაავადების კონტროლს შესაძლებელს ხდის. 

2000-იანი წლებში შიდსისგან ყოველწლიურად 1.9 მილიონი ადამიანი კვდებოდა, 2017 წელს კი მილიონზე ნაკლები ადამიანი მოკვდა. დაავადების ახალი შემთხვევები მცირდება. 1990-იან წლებში ყოველწლიურად შიდსის 3.4 მილიონი ახალი შემთხვევა იყო, 2017 წლისთვის კი ინფექციის მხოლოდ 1.8 მილიონი ახალი შემთხვევა იყო.

ამავე თემაზე: ფრანსუა ბარე-სინუსი - ქალი, რომელმაც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი აღმოაჩინა

კომენტარები