ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკუჩავა: ვერ დაგეთანხმებით, რომ ენმ-ის გაყოფის მიზეზი სააკაშვილის ჩანაცვლება იყო

ენმ

"ვერ გავიზიარებ თქვენს პოზიციას, რომ ამ მიზეზის [პარტიის თავმჯდომარის არჩევა] გამო გადაწყვიტა გარკვეულმა ჯგუფმა, წასულიყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" - ამის შესახებ ენმ-ის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პოლიტსაბჭოს დაწყების წინ თქვა. ბოკუჩავას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ფიქრობდნენ, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური უნდა ყოფილიყო. ასევე, შეახსენეს, რომ პარტიის გაყოფის ერთერთი მიზეზი სწორედ ენმ-ის თავმჯდომარის საკითხი იყო.

ახლა თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ თავმჯდომარის არჩევის საკითხი პარტიის გაყოფის მიზეზი არ ყოფილა. მისი თქმით, "არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ ეს არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც შეუძლია მუდმივი განახლება, მუდმივი გადაჯგუფება და იმ გამოწვევებისთვის თვალის გასწორება, რაც დღეს არსებობს... ჩვენ ვაპირებთ, წავიდეთ წინ".

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 18 მარტის ვიდეომიმართვაში თქვა, რომ პარტიამ თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ იმ პირობებში, როდესაც თავად ქვეყანაში არ იმყოფება, ხოლო პარტიის ზოგიერთი ლიდერი ციხეშია, პარტია მოქნილი უნდა იყოს გამოწვევების წინაშე. 

2017 წლის დასაწყისში 21 დეპუტატი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო და  ახალი პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" ჩამოაყალიბა. დაშლის მიზეზად, სხვა საკითხებთან ერთად, თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაც სახელდებოდა. პარტიის იმ წევრებს, რომლებმაც ენმ დატოვეს, თავმჯდომარის არჩევა უნდოდათ, ხოლო დარჩენილები კი თვლიდნენ, რომ პოსტი ვაკანტური უნდა ყოფილიყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ თავმჯდომარის არჩევის მსურველებს მიხეილ სააკაშვილის გავლენის შესუსტება უნდოდათ. 

ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიას მოუწოდა, არ მიეღოთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და უარი ეთქვათ მანდატებზე, რასაც დეპუტატები არ დაემორჩილნენ

2017 წლის 20 იანვარს ჩატარებულ პარტიის ყრილობაზე, ენმ-მ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელიც გულისხმობდა, რომ პარტია თავმჯდომარის პოსტს ვაკანტურად დატოვებდა იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდებოდა. 

"ვინაიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამაარსებელი და ლიდერი, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ სახელმწიფოს;

ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური დევნილი, მას პოლიტიკური მოტივით ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და თავად არასოდეს უთქვამს უარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობაზე, ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ვადგენთ:

არ მოხდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევა მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში სრულყოფილად ჩართვის საშუალება", - ეწერა რეზოლუციაში.

კომენტარები