ჯულიან ასანჟი

ლონდონში ეკვადორის საელჩოში WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს

ჯულიან ასანჟი
AP

ლონდონში ეკვადორის საელჩოში WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს. ასანჟი საელჩოს თავს 2012 წლიდან აფარებდა. მას სექსუალური ძალადობისათვის გასამართლება ემუქრება. მისი დაკავების ორდერი შვედეთს ჰქონდა გაცემული გაუპატიურების ბრალდების გამო. ასანჟი ბრალდებას უარყოფს. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთმა ორდერი გააუქმა დიდი ბრიტანეთის მიერ გაცემული დაკავების ორდერი კვლავ ძალაშია.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი საელჩოში ეკვადორის ელჩმა მიიწვია მას შემდეგ, რაც ეკვადომა ასანჟს თავშესაფარის მინიჭება შეუწყვიტა.

ასანჟი ამბობდა, რომ თუ მისი შვედეთში ექსტრადიცია მოხდებოდა, მას აშშ-ის ძალები დააკავებდნენ და WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ.

შეგახსენებთ, რომ ასანჟს ეკვადორის საელჩოსა და მთავრობასთან ურთიერთობა გასულ წლებში დაეძაბა. მთავრობა მას მოუწოდებდა შეეწყვიტა ონლაინ პოლიტიკური კომენტარების კეთება და ამის გამო მას ინტერნეტზე წვდომაც შეუზღუდა.

გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საელჩომ ასანჟს აცნობა, რომ 2018 წლის პირველი დეკემბრიდან მისი კვების და სამედიცინო ხარჯებს აღარ დაფარავდა და თუ ის სისუფთავეს არ შეინარჩუნებდა და რეგულარულ სამეციდნო შემოწმებას არ ჩაიტარებდა დიპლომატიურ თავშესაფარს დაკარგავდა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ასანჟის წინააღმდეგ საქმე ოფიციალურად არ არის აღძრული, თუმცა სასამართლოს ერთ-ერთ დოკუმენტში მისი სახელის შეცდომით ხსენების გამო ვარაუდობენ, რომ საქმე საიდუმლოდ არის მომზადებული.

კონგრესის წინაშე ჩვენების მიცემისას დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა თქვა, რომ დონალდ ტრამპმა მისი მრჩევლის, როჯერ სტოუნის WikiLeaks-სთან გარიგების შესახებ იცოდა. ტექსტში წერია, რომ როდესაც კოენი ტრამპთან შეხვედრაზე იყო სტოუნმა დაურეკა და უთხრა, რომ ჯულიან ასანჟს ესაუბრა და რამდენიმე დღეში იმეილები გავრცელდება, რაც ჰილარი კლინტონის კამპანიას დიდ ზიანს მიაყენებს, რაზეც ტრამპმა უპასუხა "ეს ხომ შესანიშნავია".

კომენტარები