გიორგი ქობულია

იმედის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი თანამდებობას ტოვებს - სამინისტროში არ ადასტურებენ

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია თანამდებობას ტოვებს.

ტელევიზიაში ამბობენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმინისტრმა მიიღო.

"მაგასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერმინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ მიმართოთ", - ამბობს ქობულია, იმედის ინფორმაციით.

ტაბულამ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროში გადაამოწმა. პრესსამსახურში ამბობენ, რომ "ამ ეტაპზე ასეთ ინფორმაციას არ ფლობენ" და არ გვიდასტურებენ.

დავუკავშირდით პრემიერმინისტრის პრესსამსახურსაც. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება: ინფორმაციას არ ადასტურებენ არც მთავრობის ადმინისტრაციაში.

გიორგი ქობულია ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 12 ივლისიდან ხელმძღვანელობს. მის სახელს არაერთი ხმაურიანი განცხადება უკავშირდება. მაგალითად:

  • "არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს ან ტელევიზორი იყიდოს და ამის მერე შავ სიაში მოხვდეს";
  • "ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის ფარგლებში, რუსეთიდან მეტი გაზის მიღება ქვეყანაში კონკურენციას შექმნის და გაზის ფასებს დაწევს";
  • "შეიძლება განცდა აქვს ხალხს, რომ, რა თქმა უნდა, უჭირთ და ამიტომ, ზოგს ჰგონია, რომ შეიძლება უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვნახოთ ფაქტები, ეს ასე არ არის";
  • "უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს აქვთ, აგრეთვე, ნეგატიური მხარეც. უცხოეთიდან ადამიანი შემოდის, ფულს დებს, მაგრამ ამ ფულს რომ ჩადებს, რისთვის დებს? – იმიტომ, რომ მერე რაღაცა გაიტანოს აქედან არა? დივიდენდის სახით";
  • "ჩვენ გვყავს ძალიან დიდი რაოდენობით ხალხი, რომელსაც ჰქვია სამუშაო ძალის გარეთ. ყველაზე ტიპიური წარმომადგენლები ეს არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ მუშაობა არ გვინდა";
  • "რეგულაციებს უნდა შეემცირებინა ის სესხები, რომელიც ხალხს გაუაზრებლად ჰქონდა აღებული";
  • "ეკონომიკა შეიძლება გაიზარდოს როგორ - ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ ერთი დიდი პროექტი, სადაც ჩვენ ავაშენებთ ავტომატიზირებულ ქარხანას და ეს მოგვცემს ჩვენ დიდ ზრდას, მაგრამ ამისგან რაიონებში მცხოვრები ღარიბი ხალხი ხომ ვერ იხეირებს?".

კომენტარები