ლევან ჯიბღაშვილის საქმე

მეზვრიშვილი: ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული

ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული, რომლის მიმართაც არსებობს დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი, რის გამოც შსს-მ დააკავა ის ბრალდებულის სახით - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე თქვა. 

მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიებად გირაოს მოთხოვნა პროკურატურის პრეროგატივაა. 

"პროკურატურამ მას წაუყენა ბრალი, შემდეგ მოითხოვა კონკრეტული აღკვეთის ღონისძიება, რომელიც, სამწუხაროდ, რატომღაც საზოგადოებას ხშირად ერევა სასჯელში. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება პირის მიმართ ინდივიდუალურად პიროვნული მახასიათებლების, წარსული ნასამართლობის და ა.შ. არ ცდილობ, არაფრის ახსნას, მაგრამ ვცდილობ, რომ იურიდიული პროცედურები განვმარტო, რომ ამ საკითხში მეტი სიცხადე შემოვიტანო",- ამბობს მეზვრიშვილი. 

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ლევან ჯიბღაშვილი 23 აპრილს 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დაკავებულისთვის აღკვეთის სახით არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. 

საქართველოს პროკურატურამ "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით" განმარტა, რატომ მოითხოვა მსახიობ ლევან ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება.

"როცა საქმე ნარკოტიკის გასაღებას არ ეხება და ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, გირაოს ვითხოვთ",- აცხადებენ უწყებაში. 

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის I და III ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა). ბრალდება 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკები იპოვეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ეკუთვნის. მისივე თქმით, ლევან ჯიბღაშვილი ბრალდებას აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. ამასთან, შსს-ს ცნობით, ლევან ჯიბღაშვილს 0.5659 გრამი კოკაინი, 0.1921 გრამი ექსტაზი (MDMA) და მცირე ოდენობით მარიხუანა ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ლევან ჯიბღაშვილს Facebook-ზე ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად გადაღებული ფოტოები აქვს გამოქვეყნებული - შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე, საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე, ქართული ოცნების დეპუტატი დავით სონღულაშვილი, ასევე ყოფილი დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი გასულ წელს ჯიბღაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე იმყოფებოდნენ. თავად ბრალდებული ამბობს, რომ "ნახევარ საქართველოსთან მაქვს ფოტო, მაგრამ არასდროს მისარგებლია კონტაქტებით".

კომენტარები