ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში ასობით ათასმა ადამიანმა ჩინეთში ექსტრადიციის კანონმდებლობა გააპროტესტა

USA Today

9 ივნისს ჰონგ-კონგში ასობით ათასმა მოქალაქემ ჩინეთში ექსტრადიციის ახალი კანონმდებლობა გააპროტესტა.

საკამათო კანონმდებლობით დამნაშავეების კონტინენტურ ჩინეთში გაგზავნა იქნება შესაძლებელი. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონმდებლობა საფრთხეს შეუქმნის ქალაქის იურიდიულ დამოუკიდებლობას.

ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქციაში მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც 1997 წლის შემდეგ ყველაზე დიდი რიცხვია. თუმცა, პოლიციის ინფორმაციით, მონაწილეთა რიცხვი არ აღემატებოდა 240 000-ს. ისინი დათვლის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ - ორგანიზატორებმა მთლიანი რიცხვი დათვალეს, ხოლო პოლიციამ დათვალა თუ ყველაზე მეტი რამდენი ადამიანი შეიკრიბა ერთ ადგილას.

აქციაში უამრავი ბიზნესმენი, მოსამართლე, სტუდენტი, დემოკრატიული მოძრაობის ფიგურა და სხვადასხვა რელიგიური ჯგუფიც ჩაერთო.

აქცია მშვიდობიანი იყო, მომიტინგეთა დიდ ნაწილს მშვიდობის ნიშნად თეთრი ფერის ტანისამოსი ეცვა. თუმცა, საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ პოლიცია და ასობით მომიტინგე დაუპირისპირდა ერთმანეთს.

ზოგმა მომიტინგემ საკანონმდებლო საბჭოში შესვლა სცადა. მათ შესაჩერებლად პოლიცია ბარიკადებს, ხელკეტებსა და წიწაკის სპრეის იყენებდა. მომიტინგეთა და პოლიციის ნაწილი დაშავებულია.

თუ ორგანიზატორების დათვლილ რიცხვს სწორად ჩათვლიან, 1997 წლის შემდეგ ეს ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია იქნება. 1997 წელს ტერიტორია ჩინეთს გადაეცა.

"ხალხის ხმას არ უსმენენ. ეს კანონმდებლობა არამხოლოდ ჰონგ-კონგის საფინანსო ცენტრის რეპუტაციაზე, არამედ იურიდიულ სისტემაზეც ექნება გავლენა. ეს ჩვენ მომავალზე იმოქმედებს," - თქვა 18 წლის მომიტინგე ივან ვონგმა.

კომენტარები