ჭიდაობის ფედერაცია

ჭიდაობის ფედერაციამ ოცნების დეპუტატის დის სასტუმროს 1.6 მილიონი გადაურიცხა

www.sportall.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ ჭიდაობის ფედერაციის შესახებ გავრცელებული კვლევიდან ირკვევა, რომ გასული ოთხი წლის მანძილზე გაწეული მომსახურებისთვის ფედერაციამ 1 600 000 ლარი გადაურიცხა სასტუმროს, რომლის მფლობელი უმრავლესობის წევრი დეპუტატის, ლერი ხაბელოვის დაა.

თავად ხაბელოვი წარსულში მოჭიდავე და 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი იყო. 2012 წლიდან ის საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და პარლამენტის წევრია ქართული ოცნებიდან.

საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაში საუბარია ჭიდაობის ფედერაციაში სავარაუდო კორუფციის სხვა გამოვლინებებზეც. მაგალითისთვის, 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის იანვარში ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ 40 000 ლარის ოდენობის პრემია მიიღო, ხოლო ადმინისტრაციის უფროსმა და კიდევ ერთმა თანამშრომელმა დაახლოებით 27 000 ლარის ოდენობის. როგორც კვლევაშია ნათქვამი, სხვებზე გაცემულ პრემიებს ეს სამი გაცილებით აღემატება.

აღსანიშნავია, 2016 წელთან შედარებით 2018 წელს ჭიდაობის ფედერაციის დაფინანსება ერთი მილიონი ლარით უნდა გაზრდილიყო, 3 500 000-დან 4 500 000 ლარამდე, თუმცა ბიუჯეტი დაკორექტირდა და საბოლოოდ, ფედერაციის დაფინანსება 2 100 000 ლარით, 5 600 000-მდე გაიზარდა. ეს კი იმ პირობებში, რომ სამინისტრომ ფედერაციის შეფასება გაუარესებულად შეაფასა.

ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ დარღვევებზე საჯაროდ საუბარი იანვარში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყო მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა.

11 იანვარს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ გეგა გეგეშიძეს ხელში ჯაჭვი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს. თავად გეგა გეგეშიძე დარტყმის ფაქტს უარყოფს და დაპირისპირების ფაქტს "უფრო შეხლა-შემოხლას" უწოდებს. მას სასამართლომ აღკვეთოს ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.

კომენტარები