გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

გეწაძე: ნარკომომხმარებელი უნდა შეიზღუდოს, მსმენია, რომ "ლომკის" დროს ყველაფერზე მიდიან

0 კომენტარი
შოთა გეწაძე ფოტო: პარლამენტი

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, შოთა გეწაძე ფიქრობს, რომ ნარკომომხმარებლები უნდა დააკავონ, რათა მათ მომავალში არ ჩაიდინონ დანაშაული. 

როგორც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე GDI-ის ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის კითხვის პასუხად თქვა, "სმენია, რომ ადამიანები ნარკოტიკის გამო ყველაფერზე მიდიან". 

"ზოგადად პრინციპს [რომ ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს საკუთარი თავისთვის მიყენებული ზიანის გამო] ვიზიარებ, მაგრამ თუ სიღრმეებში წავალთ, შეიძლება შეიცვალოს რაღაც გარემოებები. 

თუკი მე ჩემ თავს დავმართებ იმას, რაც მე მსურს, მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების სხვა წევრების უფლებების შელახვა, მაშინ მე უნდა შევიზღუდო. მაგალითად, თუკი, ნარკოტიკულ საშუალებებს ხშირად ვიყენებ, ბოროტად ვიყენებ და მივედი იმ კონდიციამდე, რომ საფრთხეს ვუქმნი საზოგადოებას. მხოლოდ ჩემს თავს ვაზიანებ, მე არა ვარ რეალიზატორი, მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის ვიყენებ ამას, მაგრამ ამან ისეთი ფორმა მიიღო, რომ მწვავე მოთხოვნილება, ე.წ ლომკა გამოიწვია. ასეთ დროს, მე ბევრჯერ მსმენია, რომ ადამიანები მიდიან ყველაფერზე. ჩადიან ნებისმიერ დანაშაულს, ოღონდ დაიკმაყოფილონ თავისი ეს მოთხოვნილება - ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, ფულის შოვნის მიზნით, რათა მერე შეიძინონ ეს. ანუ სხვა კრიმინალურ აქტივობებს იწვევს მომხმარებელი ადამიანის ამ კონდიციამდე მისვლა. ანუ თუ მომხმარებელი უკვე საზოგადოებისთვის საფრთხის დონეს წარმოადგენს, უკვე უნდა შეიზღუდოს მისი თავისუფლება. 

ძალიან რთულია მიხვედრა, რომ აი ხვალ აპირებს დანაშაულის ჩადენას, მაგრამ რახან გულწრფელი საუბარია - მე მესმის, რომ შეიძლება არაერთგვაროვანი შეხედულებები ჰქონდეს ბევრ ადამიანს, მაგრამ ჩვენ ვართ ადამიანები, ინდივიდები, მაგრამ ამავე დროს ვართ საზოგადოების წევრები. თავისუფლება არ ნიშნავს ყველასგან და ყველაფრისგან თავისუფლებას. 

ჩემი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც იწყება სხვისი. აქედან გამომდინარე, თუ მე რაღაც ფარგლებში არ ვიქნები მოქცეული, ეს შეიძლება ჩემ კრიმინალურ საქმიანობაში გამოიხატოს და სხვისი უფლების დარღვევაში. ეს იქნებოდა თავისუფლების ყველაზე ვულგარული გაგება. თავისუფლებას თავისი ფარგლებში აქვს. არ მინდა, ადამიანს თავისუფლება ესმოდეს შემდეგნაირად - გავაკეთო ის, რაც მინდა. ეს არ არის სინამდვილეშi თავისუფლება", - თქვა შოთა გეწაძემ. 

შოთა გეწაძე ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატიდან, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა. პარლამენტი კანდიდატებს უსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის და უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნავს ან არ დანიშნავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები