ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გოცირიძე: თუ ენმ მოწყდება თავის ლიბერალურ ფესვებს, თავად გაითხრის სამარეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე პარტიის ლიდერის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ენმ ქრისტიან-დემოკრატიული ღირებულებების მქონე პარტიაა. 

გოცირიძე Facebook-ზე წერს, რომ ნაციონალური მოძრაობა და ვარდების რევოლუცია ისტორიაში უპრეცენდენტო ლიბერალური რეფორმების სახელით შევიდა, განსაკუთრებით კი ეკონომიკის სფეროში და მისი თქმით, ამ ყველაფრის არქიტექტორი თავად სააკაშვილი იყო. 

"ყველა სიკეთე (არა მხოლოდ რეიტინგებში მოწინავე პოზიციები), რაც კი ქვეყანაში დღემდე შემოგვრჩა, გაჩნდა იმ პერიოდში და ქმნის ქვეყნის მომავალი განვითარების ფუნდამენტურ საფუძველს. ბევრი რამ იმდენად მყარად იყო ნაშენები, რომ გაუძლო ხელისუფლების შეცვლის შემდგომ არაკომპეტენტურობას და პოლიტიკური კურსის რევიზიას,"- წერს გოცირიძე.

დეპუტატის თქმით, ცხოვრების ყველა სფეროში გატარებული ლიბერალური რეფორმების წყალობით საქართველო თანამედროვე ტიპის მიმზიდველი, უსაფრთხო ქვეყანა გახდა. მისივე თქმით, დღეს საქართველოში ლიბერალიზმს ბევრი მტერი გამოუჩნდა და ამის ერთერთი მიზეზი სწორედ წინა ხელისუფლების მიღწევების გადაფასების მცდელობა და მის წინააღმდეგ ბრძოლის იდეოლოგიური პლატფორმის შექმნაა. 

"ნაციონალური მოძრაობის სიძლიერე მის წარსულშია (მიუხედავად შეცდომებისა და ცალკაული დანაშაულობებისა). მოწყდება თავის ლიბერალურ ფესვებს, თავად გაითხრის სამარეს, იმ ღამურად გადაქცეულ თაგვს დაემსგავსება, რომელიც უცხო გახდა როგორც თავისიანებისათვის, ასევე იმათთვის, ვისი მსგავსობაც მოინდომა,"- ამბობს რომან გოცირიძე. 

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა არასდროს ყოფილა "ქრისტიანულ-დემოკრატიული სახალხო პარტია", როგორც მას სააკაშვილი მოიხსენიებს. 

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ მასა და ყოფილ თანაგუნდელ, ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიას შორის ფუნდამენტური განხსვავებებია, რაც იმაში გამოიხატება, რომ თავად მართლმადიდებელი ქრისტიანია და ჯვარი კიდია, ხოლო ბოკერია კი "ტრადიციებთან მებრძოლ ანტიქრისტიანად" მოიხსენია. 

მან მოგვიანებით იმავე ეთერში დაამატა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ქრისტიან-დემოკრატიული ღირებულებების მქონე სახალხო პარტია, რომელიც ამავდროულად, მისივე თქმით, ლიბერტარიანულიცაა. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის.  

კომენტარები