სირია

ქალაქი რას ალ-აინი ქურთმა მებრძოლებმა დატოვეს, ის თურქეთის კონტროლის ქვეშ მოექცა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლების თქმით ცეცხლის 5-დღიანი შეწყვეტის შემდეგ ქურთმა მებრძოლებმა თურქეთის საზღვარზე მდებარე სირიული ქალაქი რას ალ-აინი დატოვეს და ის თურქეთის და მისი მოკავშირე სირიელი მემაბოხეების კონტროლის ქვეშ მოექცა.

ინფორმაციას ადასტურებს თურქეთის თავდაცვის სამინისტროც. მათი თქმით ქალაქიდან 86 მანქანისაგან შემდგარი კოლონა კვირას გავიდა, რომელმაც სირიის დემოკრატიული ძალების მებრძოლები და დაჭრილი მოქალაქეები სამხრეთით მდებარე ქალაქებისაკენ წაიყვანა.

სირიის დემოკრატიული ძალები კვლავ რჩებიან სხვა ქალაქებში, რომლებიც თურქეთის ე.წ. "უსაფრთხო ზონის" ფარგლებში ექცევა, მათ შორის კობანში და ალ-დარბასიაში.

ორივე მხარე ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ქურთულ ორგანიზაცია წითელ ნახევარმთვარეში ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია “მშვიდობის წყარო” დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს როგორც მისმა ოპონენტებმა, ასევე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლება და ტრამპის მხარდამჭერებმა. აშშ-ის კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჩრდილოეთ სირიიდან აშშ-ის ჯარის გამოყვანას გმობს, სენატი კი თურქეთისათვის დამატებითი სანქციების კანონპროექტზე მუშაობს.

ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

თურქეთი ირწმუნება, რომ ოპერაცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

ამჟამად, ჩრდილოეთ სირიაში, ქალაქ მანბიჯთან რუსი ჯარისკაცები სირიისა და თურქეთის ძალებს შორის პატრულირებენ. მანბიჯს ასადის რეჟიმის ძალები აკონტროლებენ, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს.

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა აშშ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეთანხმებას ასადის რეჟიმთან მიაღწიეს, რის შემდეგაც ასადმა სირიის ჩრდილოეთით სირიის არმია გაგზავნა. სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერი მაზლუმ აბდი ამბობს, რომ ასადის მთავრობასთან და მათ რუს მოკავშირეებთან თანამშრომლობა მათთვის მტკივნეული კომპრომისია.

"ჩვენ არ ვენდობით მათ მიერ მოცემულ პირობებს. გულწრფელად რომ ვთქვა, რთულია იმის ცოდნა, ვის შეიძლება ენდო. მაგრამ, თუ არჩვანი გვაქვს კომპრომისსა და ჩვენი ხალხის გენოციდს შორის, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის სიცოცხლეს ავირჩევთ." წერს ის ჟურნალ Foreign Policy-ში გამოყვეყნებულ სტატიაში.

ტრამპმა თურქეთის სამხედრო ოპერაციის პასუხად ანკარას ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა და სანქციები დაუწესა. სანქციების ქვეშ მოყვა თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები, ასევე გენშტაბის უფროსი ჰულუსი აკარი და თურქეთის მმართველი პარტიის მეორე პირი, სულეიმან სოილუ. ერდოღანმა თქვა, რომ სანქციები არ ადარდებდა და ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდებოდნენ, თუმცა, მოგვიანებით, ტრამპის მორიგი მუქარის შემდეგ, პოზიცია შეიცვალა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს მოლაპარაკებებისათვის შეხვდა. ისინი ცეცხლის 5 დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რამაც სირიის დემოკრატიულ ძალებს და ქურთ მებრძოლებს “უსაფრთხო ზონიდან” გასვლის დრო უნდა მისცეს. ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხო ზონას თურქეთი გააკონტროლებს. ამ ზონაში შევა მნიშვნელოვანი ქურთული ქალაქები და მაგისტრალი. კითხვაზე, არის თუ არა ეს ქურთების მეორედ მიტოვება, პენსმა პასუხი არ გასცა.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის და პენსის შეხვედრის შემდეგ უსაფრთხო ზონის ზუსტი მასშტაბები არ დაუკონკრეტებიათ. ასევე არ უხსენებიათ ტერიტორიაზე მყოფი სირელი და რუსი სამხედროები. მოსალოდნელია, რომ სწორედ ამას განიხილავენ ერდოღანი და პუტინი 22 ოქტომბერს სოჭში შეხვედრისას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები