აივ/შიდსი

10 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 8004 აივ ინფიცირებულია რეგისტრირებული

შიდსის ცენტრი

2019 წლის 10 ნოემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8004 აივ ინფიცირებული პირი. 1-ლ სექტემბერს ეს რიცხვი 7882 იყო. 

მათ შორის 6006 კაცია და 1998 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4184 პაციენტს განუვითარდა.1619 გარდაიცვალა.

31 აგვისტოს მონაცემებით მკურნალობას იტარებს 4888 პაციენტი, მათ შორის 43 – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

  • 38.3 % (3063) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;
  • 48.0 % (3838) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
  • 11.2 % (904) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;
  • 1.3 %  (108) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
  • 0.5 %  (38) - სისხლის რეციპიენტია;
  • 0.7 %  (53) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2956 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1125; შემდეგ იმერეთში 968; აჭარაში 890; აფხაზეთში (521); კახეთში (397) ქვემო ქართლში (452); შიდა ქართლში (290); გურიაში (171); სამცხე-ჯავახეთში (102) და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 

2019 წლის 10 ნოემბრის მონაცემებით დაფიქსირებულია – 570 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 580 ახალი შემთხვევა.

სულ საქართველოში გამოვლენილია 114 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 - ვაჟი, 44 - გოგონა. 27 - გარდაიცვალა. 3 - გავიდა ქვეყნიდან. 

აივ-ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა. შიდსის ცენტრის სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18.

რა არის აივ/შიდსი

აივ, იგივე ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი. შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი - ეს არის ვირუსი, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს, როდესაც 1980 წლებში აშშ-ში გავრცელდა. ამ ქვეყანაში ის, სავარაუდოდ, აფრიკიდან გავრცელდა, საიდანაც სამედიცინო მიზნებისთვის სისხლის იმპორტი ხდებოდა. სისხლის ნაწილი, სავრაუდოდ, აივ/შიდსით-ით იყო ინფიცირებული. 

ვირუსით დაინფიცირებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, გრიპის მსგავსი სიმპტომებით ვითარდება. ამას ე.წ ფანჯრის პერიოდი ეწოდება და თუ ადამიანი ანალიზს დაინფიცირებიდან 2-4 კვირის შუალედში გაიკეთებს, შესაძლოა აივ-ზე უარყოფითი პასუხიც მიიღოს, ამიტომ, შესაბამის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ანალიზის ხელახლა გაკეთება აუცილებელია. 

მას შემდეგ, რაც აივ ინფექცია ორგანიზმში მოხვდება, მთავარი სამიზნე CD4, ე.წ იმუნიტეტის უჯრედები ხდება. აივ ვირუსის უჯრედები სწორედ იმუნიტეტის უჯრედებს აზიანებს, რაც საბოლოოდ მათ კვდომას იწვევს. ამას კი, ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა დასუსტებამდე მიჰყავს. 

სისხლში CD4-ის რაოდენობა 600-დან 1200 ერთეულამდე მერყეობს, აივ-ის "შეტევის"შედეგად კი მათი რაოდენობა მცირდება. როდესაც იმუნიტეტის უჯრედები 500-ს ჩამოსცდება, რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება, რომელიც საქართველოში უფასოა. 

იმ შემთხვევაში კი, თუ ამ უჯრედების რაოდენობა 200-ზე ნაკლები გახდა, ვითარდება შიდსი, რომელიც განკურნებას არ ექვემდებარება. 90-იან წლებში, შიდსის ეტაპზე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 18 თვემდე მერყეოდა, ახლა კი, მკურნალობის დახმარებით, შიდსის ეტაპზე მყოფი ადამიანების სიცოცხლე ათწლეულებიც შეიძლება გაგრძელდეს.  

აივ-ით ინფიცირების რისკის მაღალ ჯგუფს მიეკუთვნებიან: 

  • მამაკაცები რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (მსმ)
  • ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლები
  • სექს მუშაკები

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემა ხდება სისხლით, სპერმით, ვაგინალური სეკრეტითა და დედის რძით.

გადაცემას ასევე იწვევს შიდსით დაავადებულთან დაუცველი (კონდომების გამოყენების გარეშე) სქესობრივი კავშირი და კონტაქტი სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებულ პარტნიორთან, რაც ინფექციის გადაცემის რისკს ზრდის. ასევე, რისკ ფაქტორია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისას დაბინძურებული შპრიცების გამოყენება. 

აივ ინფექციის გადაცემა შეიძლება მოხდეს:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს
  • შიდსით დაავადებული დედიდან  შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს
  • დაბინძურებული ნემსების ან სხვა ბასრი საგნების ჩხვლეტისას  (რისკ-ჯგუფს  სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს)
  • ჰემოტრანსფუზიის დროს (ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმისას)
  • ტრანსპლანტაციის დროს (ორგანოების ან ქსოვილების გადანერგვისას)

ვირუსი არ გადაეცემა: 

  • წყლით
  • ჰაერით
  • მწერებით
  • ნერწყვით, ოფლით ან ცრემლით.
  • ხელის ჩამორთმევით
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით
  • კოცნით
  • საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობისას

კომენტარები