საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი გაიხსნება — აბაშიძე-კარასინის ფორმატის შედეგები

ზურაბ აბაშიძე და კარასინი

დეკემბერში თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, გრიგორი კარასინმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, რია ნოვოსტი ავრცელებს.

კარასინის თქმით, ახალი ცენტრი ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებასა და გაღრმავებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. 

"ახალი ცენტრის გახსნა თბილისში მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში დაგეგმილი რუსული დელეგაციის ვიზიტი, ცენტრის გახსნაზე ინცინდენტების გარეშე ჩაიშვლის", — აცხადებს კარასინი. 

წინა დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მხარეები ცხინვალში დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს განიხილავდნენ.

მოგვიანებით, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ქართველი ექიმის საკითხი რუსულ მხარეს არ ეხება და იმედი გამოთქვა, რომ ის მალე გათავისუფლდებოდა. გუშინ, 28 ნოემბერს რია ნოვოსტიმ გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ შეხვედრაზე განხილული იყო 2011 წელს მიღწეული საბაჟო მონიტორინგის საკითხიც. 

ზურაბ აბაშიძე სააგენტოსთან საუბარში ამბობს, რომ შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება ამ მიმართულებით დიალოგის აქტივიზაციაზე. როგორც აბაშიძე ამბობს საკითხზე სამუშაო ჯგუფები ჟენევაში დეკემბერში შეიკრიბებიან. 

საქართველოსა და რუსეთის ორმხრივი შეთანხმება ტვირთბრუნვის მონიტორინგის სისტემაზე 2011 წელს გაფორმდა. შეთანხმება საერთაშორისო ჩართულობას გულისხმობს. დოკუმენტის მიხედვით, ტვირთბრუნვის მონიტორინგს შვეიცარიული კომპანია SGS ჩაატარებს. 

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს პარლამენტში შეიქმნა უწყებათშორისი კომისია, რომლის მთავარი ფუნქციაც რუსეთთან შეთანხმების იმპლემენტაციაა. 

გრიგორი კარასინმა, რამდენიმე თვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ასაკის გამო დატოვა. რუსული კანონმდებლობის მიხედვით, კარასინი ასევე, უნდა ჩაენაცვლებინათ ქართულ მხარესთან შეხვედრების ფორმატში. მიუხედავად ამისა, კარასინი ამჯერად რუსეთის ფედერაციული საბჭოს სენატორია და სწორედ საქართველოსთან ურთიერთობებს კურირებს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრები 2013 წლიდან იმართება.

კომენტარები