პროპორციული არჩევნები

ომბუდსმენი საარჩევნო სისტემაზე: ოპოზიციის შემუშავებულ კანონპროექტზე შეფასებას ეუთოს ვთხოვ

ტაბულა

სახალხო დამცველის თქმით, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია პარლამენტში დაარეგისტრირებს საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ კანონპროექტს, ომბუდსმენი მოსაზრების წარმოსადგენად ეუთოს მიმართავს.

"ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ კანონპროექტი უნდა იყოს ოფიციალურად რეგისტრირებული პარლამენტში ანუ მას უნდა ჰქონდეს ოფიციალური კანონპროექტის სახე. შემდეგ მე მივმართავ ეუთო/ოდირს მოსაზრების წარმოსადგენად იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელზეც ოპიოზიცია შეთანხმდება და რომელიც იქნება დარეგისტრრიებული პარლამენტში" - ამბობს ლომჯარია.

ოპოზიცია ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე დაფუძნებით შემუშავებულ დოკუმენტს სახალხო დამცველს დღეს გადაუგზავნის, ხოლო მაქსიმუმ ხვალ - ევროპული საქართველო და ენმ კანონპროექტს ოფიციალურად დაარეგისტრირებენ. ოპოზიციას არ შეუძლია, დამოუკიდებლად მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს და ომბუდსმენს ამიტომაც სთხოვს. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, "ჩვენ მზად ვართ, რა შენიშვნასაც მივიღებთ ეუთოს მხრიდან, გავითვალისწინოთ და გავიზიაროთ. მზად ვართ, თუ გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით სხვა მოსაზრებები იქნება, ესეც გავითვალისწინოთ მაქსიმალურად".

მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ოპოზიციამ ქართულ რეალობაზე მორგებული გერმანული საარჩევნო მოდელი შეიმუშავა. ამ საკითხთან დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსის ინიცირებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრაც გაიმართა. თუმცა, როგორც შეხვედრის შემდეგ, ქართული ოცნების წევრები აცხადებდნენ, რომ მმართველი გუნდის ურყევ პოზიციად დარჩა, რომ "გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია".

კომენტარები