რუსული ოკუპაცია

ბაქრაძე: ზურაბიშვილის განცხადება მავნებლურია და ემსახურება რუსეთის ინტერესებს

ტაბულა

ევროპული საქართველო კატეგორიულად მოითხოვს, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად უარყოს საქართველოს პრეზიდენტის განცხადება. პარტიის სახელით ბრიფინგი დავით ბაქრაძემ გამართა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა პირველ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ "ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არა გვაქვს, როგორც პრობლემატური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან". დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ეს განცხადება არის მავნებლური და ფუნდამენტურად აზიანებს საქართველოს ინტერესებს.

"ჩვენ მივეჩვიეთ სალომე ზურაბიშვილისგან ქვეყნისთვის საზიანო, მავნებლური და ხშირად, უბრალოდ ბრიყვული განცხადებების მოსმენას, რომელსაც მმართველი გუნდი ხშირად ხსნის ხოლმე მისი მხრიდან არასრულყოფილი ქართულით ან უბრალოდ კონტექსტის არცოდნით და უვნებელი სიბრიყვით. მაგრამ ის, რაც გუშინ მოვისმინეთ, არ ჯდება არაფერში.

მინდა მას შევახსენო, რომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან საქართველოს საზღვარი არ აქვს და ზუსტად ამიტომ, ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს არის ცხინვალის ციხეში.

მაინტერესებს, რომელი კონტექსტის არცდონით შეიძლება გამართლდეს ის, რაც ამ ქვეყანაში იცის ნებისმიერმა პირველკლასელმა ბავშვმა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის საქართველოს ნაწილი, ხოლო სომხეთი და აზერბაიჯანი არიან ჩვენი მეზობლები. როგორ შეიძლება, ილაპარაკო შენს ნაწილთან საზღვარზე, ეს არის იგივე, ილაპარაკო საქართველოს და კახეთს შორის, ან საქართველოს და გურიას შორის საზღვარზე, რომელი კონტექსტით, რომელი ფრანგულით ან რომელი საკითხის არცოდნით შეიძლება გამართლდეს ასეთი რამე? რითი შეიძლება გამართლდეს, როდესაც ერთ სიბრტყეზე აყენებ საოკუპაციო ხაზს, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოში არავის მიერ, რუსეთის გარდა, და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს შენს მეზობელ სახელმწიფოებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ამ ორი ცნების გაიგივება ფრანგულიდან თარგმნით აიხსნება? არასრულყოფილი ქართულით აიხსნება? 

ვიტყოდი, რომ ეს არის ძალიან დიდი სიბრიყვე, მაგრამ სამწუხაროდ, სიბრიყვის მიღმა, ეს არის საქართველოს ინტერესების ფუნდამენტურად დამაზიანებელი მავნებლობა. იმიტომ, რომ რუსეთს დღემდე აქვს ორი არგუმენტი, როდესაც ის მუშაობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის მსოფლიოში.

რუსეთის პირველი არგუმენტი - "მსოფლიომ უნდა აღიაროს აფხაზეთი და ოსეთი, იმიტომ, რომ ქართველებმა დაიწყეს ომი, ქართველები არიან აგრესორები და მათ უნდა გვერდით დავუდგეთ როგორვ მსხვერპლს".

ხომ არ გეცნობათ? დიახ, ეს არის ის, რაც სალომე ზურაბიშვილს არაერთგზის აქვს გაცხადებული, რომ საქართველომ დაიწყო ომი.

რუსეთის მეორე არგუმენტი - "რა მნიშვნელობა აქვს, რა წერია ფურცელზე, რა მნიშვნელობა აქვს საერთაშოროსო სამართალს, არსებობს დე ფაქტო რეალობა და ამ რეალობაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არიან დამოუკიდებელო ქვეყნები და საქართველოს მეზობლები, ისე როგორც სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი.

ეს არის ზუსტად ის, რაც გუშინ ფაქტობრივად განაცხადა ქალბატონმა ზურაბიშვილმა, როდესაც ილაპარაკა საქართველო-აფხაზეთის და საქართველო ოსეთის საზღვარზე და როდესაც უფრო მეტიც, ეს საზღვარი შეადარა ჩვენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს ჩვენს მეზობლებთან.

ეს ყველაფერი აღარც ფრანგულიდან თარგმნაა, აღარც სიბრიყვე და აღარც კონტექსტის არცოდნა - ეს ყველაფერი არის საქართველოს ეროვნული ფუნდამენტური ინტერესების დაზიანება, ეს ყველაფერი არის არგუმენტი რუსეთის ხელში, გააგრძელოს ბრძოლა აფხაზეთის და ოსეთის აღიარებისთვის და ეს ბრძოლა გააგრძელოს საქართველოს პრეზიდენტის ციტირებით" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ევროპული საქართველო და მისი საპარლამენტო წარმომადგენლობა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ოფიციალურად უარყოს სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი და ოფიციალურად განაცხადოს, რომ არანაირი საზღვარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიიებთან არ აქვს.

"საქართველოს ნაწილი არის ოკუპირებული, საქართველოს ორი რეგიონი არის ოკუპირებული. ჩვენი ამოცანაა ოკუპაციის დასრულება და არა აფხაზეთთან და ოსეთთან საზღვრების დადგენა, რომელიც არ არსებობს. ამიტომ მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ არ დააფაროს ხელი ამ მავნებლურ განცხადებას და მოხდეს ოფიციალური დეზავუირება ამ განცხადების, იმიტომ, რომ ეს განცხადება ემსახურება მხოლოდ რუსეთის, როგორვც ოკუპანტი სახელმწიფოს ინეტერსებს. ველოდებით ოფიიალურ რეაქციას საქართველოს მთავრობისგან და საქართველოს ხელისუფლებისგან, ქართული ოცნებისგან, ვინც აგვარჩევინა ქალბატონი ზურაბიშვილი პრეზიდენტად და, შესაბამისად, დღეს პასუხისმგებელია იმაზე, რომ მისი განცხადებები არ იქნას გამოყენებული ამ ქვეყნის წინააღმდეგ" - განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა.

კომენტარები