თბილისის მერია

მერიამ აყრილი კარვების ადგილას საბავშვო ატრაქციონები აქტივისტების პროტესტის ფონზე დადგა

ტაბულა

თბილისის მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ, იმ ადგილას, საიდანაც მალხაზ მაჩალიკაშვილის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის და სამოქალაქო აქტივისტების კარვები და საპროტესტო ატრიბუტები ძალით გაიტანეს, საბავშვო ატრაქციონები დადგეს. ბატუტის დადგმას აქციის მონაწილეები სტვენით შეხვდნენ.

რამდენიმე საათის წინ, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტთან განთავსებული კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა - დროშები, გიორგი გახარიას ბიუსტი და ბანერები ნაგვის მანქანებით გაიტანა. მათ ასევე აიღეს პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის გაშლილი კარავი. თბილსერვის ჯგუფის ბოლო მანქანაზე ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია ავიდა და ცდილობდა, მისთვის დაძვრის საშუალება არ მიეცა. საბოლოოდ, თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენლებმა დეპუტატი მანქანიდან ჩამოსვეს და ტერიტორია დატოვეს. ელენე ხოშტარიას შეფასებით, მხდალი ადამიანები ქურდბაცაცულად მოიქცნენ. 

თბილისის მერიის განცხადებით, ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობას აპირებენ. მათი მტკიცებით, ამის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს.

"ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ავიღეთ ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურა, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს" - აცხადებს თბილისის მერია. 

საპროტესტო ატრიბუტიკის აღების შემდეგ, ადგილზე მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წევრები. ისინი ადგილზე ბატუტის გაშლას აპროტესტებდნენ. პოლიციამ ათამდე მათგანი დააკავა. ჯერჯერობით უცნობია, სად გადაიყვანეს დაკავებული აქტივისტები.

კომენტარები