სალომე ზურაბიშვილი

კობახიძე: PACE-ში პრეზიდენტის მოხსენება იყო ამომწურავი, შესანიშნავი იყო კითხვა-პასუხშიც

უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ეხმაურება. მისი თქმით, პრეზიდენტი შეეხო ყველა იმ საკითხს, რომელიც სახელმწიფოებრივ ინტერესებთან არის დაკავშირებული და "შესანიშნავი იყო კითხვა-პასუხში". 

"შეეხო ყველა საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, ეროვნულ ინტერესებთან. ეს იყო ამომწურავი, კარგად აქცენტირებული მოხსენება და ასევე შესანიშნავი იყო პრეზიდენტი კითხვა-პასუხში, დაისვა საინტერესო შეკითხვები პრეზიდენტის მიმართ და ამ კითხვებს გაეცა საინტერესო პასუხები. ყველა პრიორიტეტული საკითხი გამოიკვეთა პრეზიდენტის მოხსენებაში, ის სპეკულაციები, რომელსაც მიჩვეული ვართ ოპოზიციის მხრიდან არის აბსოლუტურად უსაფუძვლო",-თქვა კობახიძემ. 

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოში ოკუპაციაზე "ზედმიწევნით დეტალურად ისაუბრა".  

ზურაბიშვილის გამოსვლას ევროსაბჭოში უარყოფითად აფასებენ ოპოზიციის წევრები. ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ გამოსვლას "მთლიანად სამარცხვინო, ბევრი ქვესამარცხვინო ეპიზოდით" უწოდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ ზურაბიშვილის გამოსვლა "ძალიან სუსტი და პოლიტიკურად მიუღებელი" იყო.

დღეს, 28 იანვარს, ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა 50 წუთის განმავლობაში ისაუბრა და კითხვებისთვის 10 წუთი დაიტოვს, რის შემდეგაც ბრიტანელმა დეპუტატმა, სერ ედვარდ ლიმ დროის უკმარისობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს სთხოვა, შემდეგი გამომსვლელებისთვის მოეწოდებინა, მათი სიტყვა 15-20 წუთს გაგრძელებულიყო, რათა პარლამენტარებს შეკითხვების დასმა მოესწროთ.  

ზურაბიშვილმა რუსი პარლამენტარის კითხვაზე პასუხად თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის საქართველო რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

ასევე, სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას, 20-21 ივნისის ღამის მოვლენების შესახებ საუბრისას ტყუილი თქვა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "მას შემდეგ, რაც [სერგეი] გავრილოვი საქართველოდან გაფრინდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა, მეორე ეტაპი, მეორე ფაზა დაიწყო, როდესაც პარლამენტს საფრთხე დაემუქრა".

ასევე, პრეზიდენტმა არ უპასუხა კითხვას, ემხრობა თუ არა სანქციებს რუსეთისთვის საქართველოს ოკუპაციის გამო.

კომენტარები