გიგა ბოკერია

ბოკერია წულუკიანზე: მწარედ დამარცხდებიან, თუ ამ პროგნოზს მუქარად თვლიან, ჩათვალონ

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბოკერია დახურულ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს "თითის ქნევით" ეუბნებოდა, რომ არჩევნების გერმანული მოდელის არმიღების შემთხვევაში ქვეყანაში "ქვა ქვაზე არ დარჩებოდა". წულუკიანის პასუხად ბოკერია საკუთარ საჯარო განცხადებებზე მიუთითებს:

"თვეებია საჯაროდ ვიმეორებ, რომ დროზე მოეგონ გონს და ივანიშვილი და მისი კლოუნები, დაანებონ თავი ქვეყნის დაზიანებას, საზოგადოებასთან დაპირისპირებას და თავის პოლიტიკურ დაღუპვას. წაიღონ უკან შეურაცხყოფა, მიიღონ პროპორციული სისტემა და შეწყვიტონ ძალადობა და რეპრესიები. ეს არის საჯარო გზავნილი. რა დახურული შეხვედრა? ის, ალბათ, გულისხმობს მოლაპარაკებებს დიპლომატებთან, საიდუმლოდ დავემუქრე ამერიკის, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩის თანდასწრებით."

გიგა ბოკერიას თქმით, თეა წულუკიანის განცხადება აჩვენებს, რომ იუსტიციის მინისტრი ნერვიულობს და "უნდა ინერვიულოს კიდევაც."

"არანორმალური სცენარის რისკის ქვეშ დაგვაყენეს, რომელშიც ძალიან მწარედ დამარცხდებიან. ჩვენ გვსურს, ისინი ნორმალურ ან შედარებით ნორმალურ სცენარში დამარცხდნენ. ეს არის ჩვენი გზავნილი, საჯაროც, "დახურულიც", დიპლომატების თანდასწრებითაც და ყველანაირად. თუ ამ ჩემს პროგნოზს მუქარად თვლიან, ჩათვალონ",-ამბობს ბოკერია.

დღეს, 6 იანვარს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ოპოზიციასთან გამართულ დახურულ შეხვედრებზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია არეულობით ემუქრებოდა.

კომენტარები