ბელარუსი - რუსეთი

ლუკაშენკო რუსეთს: თუ ნავთობით თქვენ არ მოგვამარაგებთ, ტრანზიტული მილსადენიდან მივიღებთ

0 კომენტარი
ფოტო: AP

14 თებერვალს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდერ ლუკაშნკომ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ბელარუსს ნედლი ნავთობის საჭირო მოცულობით არ უზრუნველყოფდა, ბელარუსი ნავთობს ტრანზიტული, დრუჟბას მილსადენიდან მიიღებდა. 

დრუჟბას მილსადენით რუსეთი ბელარუსის ტერიტორიის გავლით ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას და პოლონეთს, დაახლოებით, 1 მილიონი ბარელი რუსული ნავთობით ამარაგებს.

ლუკაშენკომ სიტყვით გამოსვლის აღნიშნა, რომ რუსები არ ფიქრობენ, რომ ბელარუსი ენერგობაზრის დივერსიფიკაციისკენ ნაბიჯს გადადგამდა და ნავთობს სხვა ქვეყნებისგან იყიდიდა.

"ვიყიდი!" - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მან ამის მიზეზი შემდეგნაირად ახსნა - ყოველი წლის 31 დეკემბერს რუსეთთან მუხლებზე რომ არ დაიჩოქონ, ენერგობაზრის დივერსიფიკაციას გააგრძელებდნენ.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი მინსკს ენერგოფასებზე შეთანხმების სანაცვლოდ რუსეთთან სამოკავშირეო სახელმწიფოში გაერთიანებაზე ანიშნებდა.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსები უკვე სთავაზობენ, რომ ბელარუსი რუსეთის ნაწილი გახდეს, რის შემდეგაც ნავთობსა და გაზზე სხვა ფასები იქნებოდა.

"ინტეგრაციით ისინი ბელარუსზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ. ეს არ არის ინტეგრაცია, ეს შეერთებაა," - აღნიშნა ლუკაშნეკომ და თქვა, რომ ის ამას არასდროს დათანხმდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსი და რუსეთი 2020 წლისთვის ნავთობის მომარაგებაზე ამ დრომდე არ შეთანხმებულან. რუსეთმა ბელარუსს ნავთობის მიწოდება 1 იანვრის შეუჩერა, რაც 4 იანვარს ნაწილობრივ აღდგა.

ბელარუსის მხარე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნავთობის სუბსიდიები შეაჩერა და ფასები აწია, ბელარუსმა 2019 წლიდან უკვე 300 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა.

2019 წლის დეკემბერში ინტეგრაციის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას ბელარუსში წლების განმავლობაში ერთერთი ყველაზე დიდი პროტესტი მოყვა. "ეს არ არის ინტეგრაცია, ეს ოკუპაციაა," - ვკითხულობთ აქციაზე ერთერთ ბანერზე.

პუტინი ბელარუსისთვის ენერგორესურსების მიწოდებას ქვეყნების ინტეგრაციასთან აკავშირებს. მაგალითად, დეკემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავდა ბელარუსისთვის გაზის შეღავათიან ფასად მიწოდების არსს მანამ, სანამ ინტეგრაციის პროექტი უფრო წინ არ წავიდოდა.

გასულ კვირას პუტინმა ლუკაშენკოს სოჭში უმასპინძლა, ნავთობის ფასზე მხარეები კვლავ ვერ შეთანხმდნენ.

ორი კვირის წინ ლუკაშენკო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ აშშ მზადაა ბელარუსის ნავთობის საჭიროების 100%-ით უზრუნველჰყოს.

იანვარში ბელარუსმა ნორვეგიისგან ნავთობის შეიძინა. იანვრის ბოლოს მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი რუსული ნავთობის ალტერნატივებს ეძებდა და აშშ-თან, საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მოლაპარაკებებს აგრძელებდა.

ლუკაშენკოს ნათქვამი აქვს, რომ რუსეთისგან ბელარუსმა თავისი ნავთობის საჭიროების 40%-ზე მეტის იმპორტი არ უნდა განახორციელოს. დანარჩენი ნავთობის რესურსის იმპორტს ბალტიის ქვეყნებიდან და უკრაინიდან განიხილავდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები