საქართველოს პარლამენტი

გოცირიძე: ერთი დღით ვწყვეტთ ბოიკოტს და ხმას მივცემთ საკონსტიტუციო კომისიის შექმნას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 17 მარტის პლენარულ სხდომას დაესწრება და საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს. ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, "ენმ ერთი დღით წყვეტს საპარლამენტო ბოიკოტს და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო კომისიის შექმნას, რომელიც აუცილებელი შემადგენელი ნაწილია საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვისათვის". მისი შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით, პარტია პირნათლად ასრულებს დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მიღწეულ შეთანხმებას პოლიტიკურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის.

"ჩვენ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს არ მივცემთ საბაბს, კიდევ ერთხელ მოატყუოს საკუთარი ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები და ჩაშალონ საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებული შეთანხმება. ამასთან, ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება,"- უთხრა გოცირიძემ ინტერპრესნიუსს.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00-ზე დაიწყება. საკონსტიტუციო კომისიის შექმნის პროცესს გამონაკლისის სახით დაესწრება ევროპული საქართველო და ხმას მისცემს, ასევე, ფორმალურად წარადგენს კომისიაში კანდიდატებს.

"ეს არის ჩვენი მხრიდან ერთჯერადი ნაბიჯი, რომლითაც ვასრულებთ შეთანხმების ფარგლებში აღებულ საკუთარ ვალდებულებას, რომ მხარი დავუჭიროთ ახალ სისტემას. მაგრამ ეს არ ნიშნავს არც სხდომებზე დაბრუნებას და არც კომისიის მუშაობაში მონაწილეობას. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. ბოიკოტი შეწყდება პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციის ფონზე და ვითარების ნორმალიზაცია მოითხოვს შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პირველ რიგში პოლიპატიმრების გათავისუფლების ნაწილში," - ამბობს ბაქრაძე.

ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემაში ცვლილების შესახებ 8 მარტის შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად შეთანხმდნენ. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები 120/30-ზე სისტემით უნდა ჩატარდეს, რასაც საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება. ქართულმა ოცნებამ პარლამენტში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები 11 მარტს დაარეგისტრირა. ამის შემდეგ, საყოველთაო სახალხო განხილვები უნდა დაიწყოს.

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც. ოპოზიცია ამბობს, რომ საუბარი იყო კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე და ამ პირობის შესრულების გარეშე შეთანხმება ჩაიშლება. ქართული ოცნების წარმომადგენლების მტკიცებით კი, შეხვედრაზე კონკრეტულ გვარებზე არ ყოფილა საუბარი და შეთანხმდნენ, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისათვის.

8 მარტს, ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე რომ ისაუბრეს, ადასტურებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი. პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მემორანდუმს ხელი მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა არ მოაწერა.

კომენტარები