იტალია

იტალიის მთავრობა Covid-19-ის გამო სამაშველო გემებს, რომლებზეც მიგრანტები არიან, არ მიიღებს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყნის პორტები უსაფრთხო ადგილებად არ მიიჩნევა და ამის გამო გემებს, რომლებზეც მიგრანტები იმყოფებიან აღარ მიიღებენ.

"COVID-19-სგან გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში იტალიის პორტები ვერ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც საჭიროა მათი უსაფრთხო ადგილად მიჩნევისათვის." ნათქვამია სამთავრობო დადგენილებაში. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 31 ივლისამდეა გამოცხადებული, თუმცა შესაძლებელია ის კიდევ გაახანგრძლივონ.

ბრძანებას ხელს აწერენ ქვეყნის შინაგან საქმეთა, საგარეო, ტრანსპორტის და ჯანდაცვის მინისტრები. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტიის, დემოკრატიული და პროგრესული მოძრაობის (Articolo Uno) წარმომადგენელია, რომელიც მხარს უჭერდა იტალიის მიერ მიგრანტების მიღებას და ეწინააღმდეგებოდა საქველმოქმედო და სამაშველო ორგანიზაციების გემებისათვის პორტების დახურვას.

გადაწყვეტილების მიღების პარალელურად იტალიისაკენ მიემართება გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის Sea-Eye-ს სამაშველო გემი, რომელზეც ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი, ლიბიიდან მომავალი 150-მდე მიგრანტი იმყოფება.

გემის მფლობელი საქველმოქმედო ორგანიზაცია გერმანიას მოუწოდებს მიიღოს მიგრანტების ნაწილი.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც იტალია სამაშველო გემებს პორტებს უკეტავს. იტალიის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ, რომელიც ულტრა-მემარჯვენე ჩრდილოეთის ლიგის პარტიის ლიდერია, არაერთხელ დაუხურა პორტები მიგრანტებით სავსე გემებს. ამის გამო, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთის ლიგის და 5 ვარსკვლავის მოძრაობის კოალიციური მთავრობა დაიშალა და სალვინიმ პოსტი დატოვა, იტალიის პარლამენტმა მას იმუნიტეტი მოუხსნა და მის საქმეს სასამართლო განიხილავს.

ბოლო მონაცემებით იტალიაში სულ გამოვლინდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების 135,586 შემთხვევა, დაიღუპა 17,127, გამოჯანმრთელდა 24,392 ადამიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები