თეა წულუკიანი

წულუკიანი: ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიმშვიდეა

საქართველოს მთავრობა

თეა წულუკიანმა პირდაპირ არ უპასუხა "მთავარი არხის" კითხვას, შიმშილობენ თუ არა პატიმრები რუსთავის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თუმცა თქვა, რომ "სიმშვიდეა". მთავარი არხის ინფორმაციით, რუსთავში 35 ქალი პატიმარი შიმშილობს, ვინაიდან სალომე ზურაბიშვილმა მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირები შეიწყალა.

"დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ჯანსაღი მდგომარეობა საპატიმროებში და პირველ რიგში ქალებთან, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი პოპულაციის და კონტინგენტის ნაწილი, რომელიც ძალიან სენსიტიურია, რადგან გარეთ მათ მოხუცი მშობლები და შვილები ელოდებიან. მაგრამ ასევე არის ჩვენი კონტინგენტის ყველაზე შეგნებული ნაწილიც. ამიტომაც, რა თქმა უნდა, სიმშვიდეა. არავის უკვირს, რომ ყველა პატიმარს უნდა, დაუბრუნდეს ოჯახს და თავისუფლებას დღესვე ან ხვალ დილით, ეს არის ყველა პატიმრის ოცნება და ნატვრა“, - თქვა წულუკიანმა.

მან სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა იმის გამოც, რომ შეწყალების მთავარი კრიტერიუმები გაითვალისწინა.

"რომ დანაშაული არ უნდა ყოფილიყო ძალადობრივი. ვერ მოხდება იმ ადამიანის შეწყალება, ვინც საკუთარ შვილებზე ძალადობის გამოა ციხეში, ან სხვა ტიპის ძალადობრივი ქმედება აქვს ჩადენილი. ამას არც საზოგადოება მიიღებდა და არც ობიექტური კრიტერიუმი იქნებოდა. ასევე, კრიტერიუმი იყო ის, რომ შეწყალებულ ადამიანს შინ უნდა ჰყოლოდა არასრულწლოვანი შვილები და სასჯელის დიდი ნაწილი იყო თუ არა მოხდილი, ამის გათვალისწინებაც მოხდა. ამიტომ არაფერი მეთქმის, გარდა მადლობისა. შეიძლება, როგორც უწყების ხელმძღვანელს მინდოდეს, რომ რაც შეიძლება ბევრი პატიმარი წავიდეს სახლში, მაგრამ შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის დისკრეცია. ჩვენი ვალია, მას მადლობა ვუთხრათ, როდესაც საქმე არის სამადლობელი და არ ვუსაყვედუროთ მას - რატომ 9 და არა 19", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული ქალი 7 აპრილს შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.

კომენტარები