კორონავირუსი და ეკლესია

ეპისკოპოსი იაკობი გამყრელიძისა და იმნაძის გაფრთხილებაზე: უნდა გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ

0 კომენტარი
ფოტო: მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი თვლის, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ ადამიანების გაფრთხილებისთვის ბოდიში უნდა მოიხადონ. ეპისკოპოსის აზრით, ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე "ტონს არ იცავენ". 

"რომ გაჰკივიან და რომ გვიყვირიან, არავინ არ ვართ მაგათგან ისე დავალებული, რომ ასე გვიყვირონ,"- ამბობს სასულიერო პირი. 

მღვდელმთავარმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე ეს ოფიციალურ რიცხვებშია ასახული. 

"ჭკუა აქვს იმ ადამიანს, რომელიც იძახის, რომ აღდგომას [ეკლესიაში] არ მიხვიდეთო? ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ მე, სხვა ექიმებზე არაფერი მაქვს, გულიანი ადამიანები არიან ისინი და სხვანაირად იქცევიან, მაგრამ ამათი საქციელი ხო, მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ იმიტომ, რომ ღირსება შერჩეთ,"- თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა. 

პანდემიის, ახალი კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საპატრიარქო ამ დრომდე აგრძელებს ტაძრებში წირვა-ლოცვას და მრევლის ერთი კოვზით ზიარებას. 

15 აპრილს ცნობილი გახდა, თუ როგორ აპირებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებას - მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე შეიკრიბება და იქაურობას დილის 06:00 საათამდე არ დატოვებს. მთავრობა ამას საპატრიარქოსთან "შეთანხმებას" უწოდებს. 

ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები მოსახლოებას აფრთხილებენ, დარჩნენ სახლში, თუკი არ სურთ, რომ საქართველოში იტალიის სცენარი განმეორდეს და ქვეყანა "კუბოების თვლას" ვერ აუდიოდეს. 

მთავარი პრობლემა ჯანდაცვის სექტორის ადამიანური რესურსია - მხოლოდ 488 რეანიმატოლოგითა და 258 ინფექციონისტით, სისტემა, ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, მაქსიმუმ 1 200 ადამიანის მოვლას შეძლებს. 9 მაისისთვის კი, აღდგომიდან ორ კვირაში, ჯანდაცვის სისტემა მინიმუმ 2 000 და მაქსიმუმ 4 000 ინფიცირებულს ელოდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები