კორონავირუსი

ბრიტანეთმა მიზანს მიაღწია - ერთ დღეში ქვეყანაში Covid-19-ის 100 000-ზე მეტი ტესტი ჩატარდა

დიდმა ბრიტანეთმა Covid-19-ზე დღეში, სულ მცირე, 100 000 ტესტის ჩატარების მიზანს მიაღწია.

ამ მიზანზე ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა 2 აპრილს განაცხადა - იმ დროისთვის ქვეყანაში დღეში მხოლოდ 10 000 ტესტი ტარდებოდა. გეგმის შესრულების დროდ აპრილის ბოლო განისაზღვრა.

1 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე კი ჰენკოკმა თქვა, რომ 30 აპრილს ქვეყანაში 122 347 ტესტი ჩატარდა. 

მისი თქმით, მასობრივი ტესტირება საჭიროა, რათა ქვეყანა კვლავ ფეხზე დადგეს.

122 347 ტესტით დაახლოებით 70 000 ადამიანი შეამოწმეს - ზოგიერთ მათგანს ტესტის განმეორებით ჩატარება დასჭირდა.

122 347-დან დაახლოებით 27 000 ტესტი ბრიტანეთის მაცხოვრებლებს სახლში გაუგზავნეს, 13 000-მდე ტესტი კი - საავადმყოფოებს და ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელ ცენტრებს. შესაძლოა, ყველა მათგანი ადრესატებს არ გამოუყენებიათ.

"ეს ბრიტანეთის ტესტირების შესაძლებლობების უპრეცენდენტო გაფართოებაა. ტესტირება სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისთვის, რომ ვირუსს ვაჯობოთ... ეს მღელვარებას ხსნის, ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხმარება და დაგვეხმარება ჩვენ, რომ შეზღუდვები მოვხსნათ," - განაცხადა ჰენკოკმა.

კითხვაზე, თუ როდის შეეძლებათ ბრიტანელებს ოჯახური თავშეყრისა და არდადეგების დაგეგმვა, მან უპასუხა, რომ ამაზე საუბარი, სამწუხაროდ, ჯერ ნაადრევია. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ჯონსონმა თქვა, რომ ქვეყანამ ვირუსის პიკი უკვე გადაიარა და მომავალ კვირას იტყვის, თუ როგორ დაუბრუნდება ბრიტანეთი ნორმალურ ცხოვრებას.

26 აპრილიდან ბრიტანეთში მობილური ჯგუფები მოძრაობენ, რათა ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით გააფართოონ.

2 მაისის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში ახალი ვირუსი 177 454 პირს დაუდასტურდა, 27 510 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 1 023 824 ვირუსის დიაგნოსტიკის ტესტი ჩატარდა.

კომენტარები