კორონავირუსი

ტაივანის პრემიერი: WHO-მ ტაივანის დაბლოკვით დაივიწყა ნეიტრალიტეტი და პროფესიონალიზმი

REUTERS

ტაივანის პრემიერმინისტრმა, ჩენ ჩიენ-ძენმა, განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ტაივანის პოლიტიკური ნიშნით დაბლოკვით, მისი პროფესიონალიზმი და ნეიტრალიტეტი დაივიწყა.

ტაივანი აცხადებს, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო, ჩინეთი და ჯანმო ორგანიზაციის მნიშვნელოვან შეხვედრებზე ტაივანს არ უშვებს, მისგან ინფორმაციას ვერ იღებს და ტაივანში ინფიცირების შემთხვევებს არასწორად აღწერს.

ჯანმო და ჩინეთი უარყოფენ, რომ ტაივანს არ ეხმარებიან, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ მისი ჯანმო-ში წარდგენის უფლება მხოლოდ ჩინეთს აქვს, რომელიც ტაივანს მის ერთერთ პროვინციად თვლის.

ჩენი ამბობს, რომ ჯანმო ჯანმრთელობაზე წინ პოლიტიკას აყენებს.

"სამწუხაროდ, პოლიტიკურ მიზეზთა გამო, 23 მილიონი ადამიანი ტაივანიდან ობლადაა ჯანმრთელობის საერთაშორისო სისტემაში," - აცხადებს ის.

მისივე თქმით, ორგანიზაცია პოლიტიკას ზედმეტ ყურადღებას უთმობს და მას ნეიტრალიტეტი და პროფესიონალიზმი დაავიწყდა - "ეს ძალიან სამწუხაროა".

"ვუხანის პნევმონიაზე ჩვენ მათ, მეტწილად, ძალიან ნელა ქმედების გამო ვაკრიტიკებთ," - განაცხადა მან მიმდინარე პანდემიაზე ჯანმო-ს ქმედებებაზე საუბრისას.

ჩენმა, რომელიც ეპიდემიოლოგია და 2002-2003 წლებში მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის (SARS) გავრცელების დროს ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, განაცხადა, რომ მსოფლიო ფრთხილად უნდა მოეკიდოს ჩინეთის ინიფიცირებულთა სტატისტიკას. მან პეკინს დაჟინებით მოუწოდა მეტი გამჭვირვალობისკენ.

საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ჭაო ლიძიანგის განცხადებით, ტაივანის ჯანმო-ს შეხვედრებში არმონაწილეობის მიზეზი არის ის, რომ მმართველი დემოკრატიულ პროგრესული პარტია უარს აცხადებს კუნძულის ჩინეთის ნაწილად აღიარებაზე.

მისივე თქმით, "არასუვერენულ რეგიონს" ორგანიზაციის შეხვედრებში დამკვირვებლად მონაწილეობა არ შეუძლია. 

2009 წლიდან 2016 წლამდე ჩინეთი ტაივანს უფლებას აძლევდა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსით ყოფილიყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2016 წელს ტაივანში პროპეკინური გომინდანის მმართველობა შეიცვალა და პრეზიდენტი ცაი ინგ-ვენი გახდა, ჩინეთმა ჯანმო-ში ტაივანი დაბლოკა.

ტაივანმა აპრილში 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანმო-სთვის გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩინეთში ატიპური პნევმონია დაფიქსირდა და პაციენტები იზოლაციაში ჰყავდათ, რაც, მათი თქმით, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაზე მიუთითებდა, თუმცა მათ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქციეს.

ტაივანი ვირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე არც ჩინეთის და არც ჯანმო-ს ინფრომაციას ენდო და 31 დეკმებრს ვუხანიდან ჩამომსვლელების სკრინინგი დაიწყო.

ჯანმო-ს უგულვებელყოფის მიუხედავად, ტაივანი ახალი კორონავირუსის მართვაში ლიდერია. ტაივანში იანვრიდან ამ დრომდე ახალი ვირუსით დაინფიცირების სულ 440 შემთხვევა გამოვლინდა. 383 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ახალ ვირუსს 7 პაციენტი ემსხვერპლა. თვეზე მეტია, ტაივანში ვირუსის შიდა გადაცემა არ დადასტურებულა.

8 მაისს ამერიკის კონგრესის საგარეო კომიტეტის სენატორებმა 60 ქვეყანას წერილი მისწერეს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ტაივანის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, ახალი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ფართო ძალისხმევაა საჭირო.

გასულ თვეს აშშ-მა ჯანმო-ს დაფინასნება შეუწყვიტა. ტრამპი ამბობს, რომ ორგანიზაციამ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მისი თქმით, ჯანმო-ს მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის დეზინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური ხასიათი განაპირობა.

ჯანმო-სა და ჩინეთის ურთიერთობაზე ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კორონავირუსის გამო ტრამპის რიტორიკა ჩინეთთან მიმართებით გამკაცრდა. აშშ ჩინეთს სტატისტიკის გაყალბებასა და კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

6 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსი უარესია, ვიდრე მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და პერლ-ჰარბორზე შეტევები.

კომენტარები