რუსეთი

ვის ინტერესშია გაბუნიას მოკვლა - პუტინის და კადიროვის დაკვეთილი მკვლელობების არასრული სია

ქეთი ხუციშვილი
0 კომენტარი

12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს რუსეთის მოქალაქე, ვასამბეკ ბოკოვი – შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავა.

15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოკოვი ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა.

იმავე დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე, ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ამ კაცს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

2019 წლის ივლისში მაშინდელი რუსთავი 2-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ, თბილისის მერმა და ქართული ოცნების დეპუტატებმა. ასევე, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ.

ფოტო: Facebook/ გიორგი გაბუნია

პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გაბუნია პროვოკატორობაში, “სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან თამაშში”, დაძაბულობის გაღივებასა და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებაში დაადანაშაულეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა შეეფასებინათ ჟურნალისტის და მთლიანად რუსთავი 2-ის საქციელი.

მოგვიანებით რუსთავი 2-თან აქციაც კი გაიმართა გაბუნიას და არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წასვლის მოთხოვნით. აქცია მოიწონა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ.

ახლა კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ უნდა დადგინდეს, თუ კონკრეტულად ვის ინტერესებში იყო ამ დანაშაულის ორგანიზება და მისი შედეგები.

2019 წელს გაბუნიას მონოლოგს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

ჩეჩნეთის ლიდერისა და მთლიანად რუსეთის ხელისუფლების მიერ  ოპონენტებისა და ჟურნალისტების მკვლელობის დაკვეთა გასაკვირი არ არის. შეგვიძლია, გავიხსენოთ არაერთი შემთხვევა, როგორც წარსული, ასევე უახლესი, როდესაც მათ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებისა თუ დაქირავებული მკვლელების საშუალებით სცადეს პოლიტიკური ოპონენტების, კორუფციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების საქმეებზე მომუშავე ჟურნალისტების, აქტივისტების, ადვოკატებისა თუ ბიზნესმენების ჩამოშორება. მკვლელობის იარაღებიც მრავალფეროვანია, დაწყებული ცეცხლსასროლი იარაღითა და ჩაქუჩით, დამთავრებული საწამლავით და ნერვული აგენტით.

ასევე ახალი არ არის მკვლელობის მცდელობა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრალური მეჩეთისკენ მიმავალი საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლი და პანკისის მკვიდრი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობისთვის დაპატიმრებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა.

ფოტო: რადიო თავისუფლება

ჟურნალისტური გამოძიების მედიამ, Bellingcat-მა ავტორიტეტულ გერმანულ გამოცემასთან, Der Spiegel-თან და რუსულ The Insider-თან ერთად ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ პიროვნება, რომელმაც ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა, შენგენის ზონაში გადაადგილდებოდა არარსებული ადამიანის პასპორტით და ჩაწერილი იყო არარსებულ მისამართზე.

ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს თავდაპირველად ბერლინის პროკურატურა იძიებდა, თუმცა, დეკემბერში საქმე გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გადაიბარა. ასეთი რამ მხოლოდ მაშინ ხდება, როცა დანაშაულში სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურები მონაწილეობენ.

ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთერთი საველე რაზმის მეთაური იყო. 2015 წლის 28 მაისს ზელიმხან ხანგოშვილზე თბილისის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. მას მანქანაში 8 ტყვია ესროლეს. მაშინ ოჯახმა მომხდარში რუსული სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ხანგოშვილის ოჯახმა საქართველო სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დატოვა. პუტინმა ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირი უარყო, თუმცა მას მკვლელი და ბანდიტი უწოდა.

ერთი წლით ადრე, 2018 წლის 4 მარტს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული ნერვული აგენტით, ნოვიჩოკით მოწამლეს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი.  მკვლელობის ამ მცდელობას ორივე გადაურჩა. სკრიპალის მკვლელობის მცდელობის საქმეში ეჭვმიტანილები რუსეთის მოქალაქეები არიან. მეტიც, Bellingcat-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი GRU-ს აგენტები იყვნენ. მათ ალექსანდ პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის სახელით მოქმედი აგენტები, ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა ამოიცნეს, შემდეგ კი დაადგინეს, რომ ოპერაციაში GRU-ს მესამე აგენტიც მონაწილეობდა. ის ბრიტანეთში სერგეი ვიაჩესლავოვიჩ ფედოტოვის პასპორტით ჩავიდა, თუმცა სინამდვილეში დენის ვიაჩესლავოვიჩ სერგეევია, GRU-ს მაღალი რანგის ოფიცერი, რომელმაც რუსეთის სამხედრო დიპლომატიური აკადემია დაამთავრა. ფედოტოვი ფიგურირებს ბულგარეთში, სოფიაში, 2015 წლის 28 აპრილსა და 4 მაისს შორის პერიოდში იარაღის საწარმოს მფლობელის, ემილიან გებრევისა და ბულგარეთის კიდევ ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობის საქმეში. მკვლელობა მათ დაუდგენელი ნივთიერებით ინტოქსიკაციით სცადეს, რის შედეგადაც 3 პირი შეუძლოდ გახდა, თუმცა გადარჩა. ბულგარეთის პროკურატურამ, ფედოტოვის გარდა, საქმეზე ბრალი რუსეთის კიდევ 2 მოქალაქეს წარუდგინა.

სკრიპალი პირველი ყოფილი აგენტი არ ყოფილა, რომლის მოწამვლაც სცადეს. მსგავსი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ალექსანდერ ლიტვინენკოს საქმეა. ლიტვინენკო, რომელიც უშიშროების ფედერალური სამსახურის (ეფ-ეს-ბე) ყოფილი ოფიცერი იყო, უშიშროების სამსახურში არსებული კორუფცია, დანაშაულებრივი საქმიანობა, მკვლელობებთან, ტერორისტულ აქტებსა და მაფიასთან კავშირი გამოააშკარავა. ის ლონდონში 2006 წელს მოწამლეს რადიოაქტიური ნივთიერებით, პოლონიუმ-210-ით და რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეში მთავარი ბრალდებული რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის ყოფილი ოფიცერი, ანდრეი ლუგოვოია, რომლის ექსტრადიციაზეც რუსეთი უარს ამბობს. მოგვიანებით ის ჟირინოვსკის პარტიის დეპუტატი გახდა.

ლიტვინენკოს მსგავსი სიმპტომებით გარდაიცვალა 2003 წელს “ნოვაია გაზეტას” გამომძიებელი ჟურნალისტი იური შეკოჩიხინი. ის უშიშროების სამსახურებში კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულს და 1999 წელს მოსკოვსა და ვოლგოდონსკში საცხოვრებელ კორპუსებში მომხდარ აფეთქებებთან მათ კავშირს იძიებდა. სიკვდილამდე ის აშშ-ში ჩასვლას და გამოძიების ფედერალური ბიუროს გამომძიებლებთან შეხვედრას გეგმავდა. ლიტვინენკომ მოგვიანებით თქვა, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობა იყო.

შეკოჩიხინი ერთერთია იმ რუს ჟურნალისტებს შორის, რომლებიც თავიანთი საქმიანობის გამო მოკლეს. ერთერთი ყველაზე გახმაურებული მსგავსი შემთხვევა ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაა. ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა აქტივისტი პოლიტკოვსკაია 2006 წელს მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს და გაასამართლეს 5 პირი, თუმცა დღემდე არ არის ცნობილი, ვინ დაუკვეთა მისი მკვლელობა. პოლიტკოვსკაია აშუქებდა ჩეჩნეთის მეორე ომს და იქ არსებულ სიტუაციას. რამზან კადიროვმა საუბრისას პოლიტკოვსკაიას უთხრა, რომ ის მტერი იყო, რომელიც უნდა დაეხვრიტათ. პოლიტკოვსკაია ასევე წერდა და აკრიტიკებდა რუსეთის უშიშროების ძალებსა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

ნატალია ესტემიროვა / ანა პოლიტკოვსკაია ფოტო: Reuters

ამის მსგავსად 2009 წელს ინგუშეთში მოკლეს ადამიანის უფლებათა აქტივისტი ნატალია ესტემიროვა. ის ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევების საქმეებზე მუშაობდა. ესტემიროვა ჩეჩნეთში საკუთარი სახლიდან გაიტაცეს, მისი ცხედარი ინგუშეთში იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. მკვლელობის საქმეზე არავინ დაუჭერიათ. მის კოლეგებს მიაჩნიათ, რომ ესტემიროვას მკვლელობის უკან კადიროვი დგას. თავად კადიროვმა მკვლელობაში ბორის ბერეზოვსკი დაადანაშაულა.

რუსი ოლიგარქი და პუტინის ოპონენტი ბორის ბერეზოვსკი, რომელსაც ბრიტანეთმა პოლიტიკური თავშესაფარი 2003 წელს მიანიჭა, 2013 წელს სანინგჰილში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

2018 წელს ლონდონში საკუთარ სახლში მოკლეს ბერეზოვსკის ახლო მეგობარი, რუსი ბიზნესმენი ნიკოლაი გლუშკოვი.

ფოტო: Atlantic Council

2015 წელს მოსკოვში მოკლეს პუტინის კიდევ ერთი ოპონენტი, ბორის ნემცოვი. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მან მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გასაპროტესტებლად მსვლელობის გამართვას. მისი მკვლელობის საქმეზე 5 პირი დააკავეს. ერთერთმა ეჭვმიტანილმა კი გროზნოში დაკავებისას თავი აიფეთქა. კადიროვმა ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი ჩეჩენი უშიშროების ოფიცერი, ზაურ დადაევი შეაქო, როგორც სამშობლოსთვის თავდადებული, რამდენიმე დღის შემდეგ კი მან პუტინისგან ღირსების მედალი მიიღო.

კადიროვის დაკვეთით არაერთი მკვლელობა განხორციელებულა როგორც ჩეჩნეთში, ასევე რუსეთის ფარგლებს გარეთ. 2009 წელს მისი ყოფილი მცველი, უმარ ისრაილოვი მოკლეს ვენაში, მას შემდეგ, რაც საჯაროდ ილაპარაკა კადიროვის ბრძანებით ხალხის წამებაზე. ამასვე წელს კადიროვის მეტოქე, სულიმ იამადაევი მოკლეს დუბაიში. ადგილობრივი პოლიციის თქმით, მკვლელობის იარაღი ბრალდებულს კადიროვის ახლო მოკავშირემ მიაწოდა. მსგავსი მკვლელობები მოხდა თურქეთსა და უკრაინაშიც, სადაც მიაჩნიათ, რომ მათში რუსეთის უშიშროების სამსახურებიც მონაწილეობდნენ.

მიმდინარე წლის 30 იანვარს 44 წლის იმრან ალიევი, რომელიც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა, საფრანგეთის ქალაქ ლილის ერთერთი სასტუმროს ნომერში მოკლული იპოვეს. მას კისრის არეში დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. დაქირავებული მკვლელი საფრანგეთიდან გაიქცა და რუსეთში ჩავიდა.

კიდევ ერთი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი ამბობდა, რომ კადიროვის კრიტიკის გამო მასაც დაემუქრნენ და ალიევის მკვლელობამდე მიიღო ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთიდან ევროპაში დაქირავებული მკვლელი გაიგზავნა. აბდურახმანოვი ამბობს, რომ თავდაპირველად ეგონა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა და ინფორმაცია გერმანიის პოლიციას მიაწოდა.

ტუმსო აბდურახმანოვი ფოტო: AP

მას თავს 27 თებერვალს დაესხნენ პოლონეთში და მისი მოკვლა სცადეს. აბდურახმანოვმა ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც მეორე მამაკაციც ჩანს, მას სისხლი სდის, აბდურახმანოვს კი ჩაქუჩი უჭირავს, რომლითაც, როგორც თავად ამბობს, უცნობი კაცი მოკვლას უპირებდა. ვიდეოში აბდურახმანოვი კაცს ეკითხება ვინაა, ვინ გამოგზავნა მის მოსაკლავად და საიდან, რაზეც ის პასუხობს "მოსკოვიდან, მათ დედაჩემი ჰყავთ".

აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მას კადიროვთან დაკავშირებული ოფიციალური პირები დაემუქრნენ. აღსანიშნავია, რომ მას თავშესაფარზე უარი უთხრა საქართველომ, რის შემდეგაც ის პოლონეთში ჩავიდა და იქ ცდილობდა თავშესაფრის მიღებას. 2018 წელს მას პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა.

დაქირავებული მკვლელებისა თუ უშიშროების სამსახურის აგენტების მეშვეობით ოპონენტებისა და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაჩუმება რუსეთის მთავრობისა და ჩეჩნეთის ლიდერისათვის ახალი ხილი არ არის. მოკვლით დაემუქრნენ არაერთ ჟურნალისტს, ზოგ შემთხვევაში კი ეს მუქარა შეასრულეს კიდეც. უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ჟურნალისტების მკვლელობები, რომლებიც დაქირავებული რუსი სამხედროების საქმიანობას იძიებენ. 2012 წლის აპრილში მეხუთე სართულზე მდებარე საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადმოვარდა და დაიღუპა რუსი ჟურნალისტი მაკსიმ ბოროდინი. ის “ვაგნერის” საქმიანობას იძიებდა. 2018 წელს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 რუს ჟურნალისტს უცნობი პირები დაესხნენ თავს და მოკლეს. სამივე ჟურნალისტი ადგილზე დაიღუპა. ისინი რუსული ონლაინ საინფორმაციო ორგანიზაციის, "გამოძიების კონტროლის ცენტრისათვის" მუშაობდნენ, რომელსაც ყოფილი რუსი ნავთობმაგნატი, მიხაილ ხადარკოვსკი აფინანსებს.  ორგანიზაციას წარსულში პუტინთან დაკავშირებული პირების კორუფციული გარიგებების შესახებ რამდენიმე გამოძიება აქვს ჩატარებული.

ორჰან ჯემალი, ალექსანერ რასტორუნიევი და კირილ რადჩენკო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაქირავებული რუსი სამხედროების, ე.წ. "ვაგნერის" ჯგუფის საქმიანობას იძიებდნენ.

ფოტო: DW

"ვაგნერი" რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფებაა კრემლთან მჭიდრო კავშირებით, რომელიც სირიაში, ლიბიაში, უკრაინასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოპერირებს. ჯგუფის ლიდერი დმიტრი უტკინია, რომელიც რუსეთის სპეცრაზმში და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში (GRU) მსახურობდა.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მათთან კავშირს უარყოფს, ჯგუფის წევრები წვრთნებს მოლკინოს საწვრთნელ ბაზაზე ატარებენ. აქვეა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) სპეცრაზმის მეათე ბრიგადის მთავარი ბაზაც.

უტკინი მჭიდრო კავშირშია “პუტინის მზარეულთან”, ევგენი პრიგოჟინთან, რუს ოლიგარქთან, რომელმაც მეტსახელი კრემლის საკვებით მომმარაგებელი კომპანიის ფლობისთვის დაიმსახურა. პრიგოჟინი “ვაგნერის” მთავარ დამფუძნებლადაც მიიჩნევა, თუმცა, თავად კომპანიასთან კავშირს უარყოფს. კადიროვის მსგავსად, უტკინს პუტინისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის 4 ჯილდო მამაცობისათვის.

რუსეთის მთავრობა კერძო სამხედრო დაჯგუფებებს, ისევე, როგორც დაქირავებულ მკვლელებს იმისათვის იყენებს, რომ საკუთარი მონაწილეობა დამალოს, თუმცა თითქმის ყველა შემთხვევაში აშკარაა, ვინ დგას დანაშაულის უკან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები