საქართველო-ევროკავშირი

აკმაყოფილებს თუ არა საქართველო ევროკავშირის სტანდარტებს საზღვრების გახსნისთვის?

0 კომენტარი
ფოტო: Emerging Europe

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ, შესაძლოა, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს. მთავრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება.

Euronews-მა მოიპოვა სია იმ ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქეებისთვისაც საზღვრების გახსნას ევროკავშირი პირველი ივლისიდან გეგმავს. საქართველო ამ სიაში არის. გამოცემის ინფორმაციით ეს სამუშაო სიაა და მისი განხილვა ხვალ, 26 ივნისს გაგრძელდება. უთანხმოების მთავარ საგანს წარმოადგენს კრიტერიუმები, რომლებითაც ქვეყნები უნდა შეფასდეს. კრიტერიუმები ევროკომისიის რეკომენდაციაშია გაწერილი, თუმცა ევროკავშირის წარმომადგენელთა ნაწილს მიაჩნია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მონაცემები, რომლებზე დაყრდნობითაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, არასანდოა. მაგალითისათვის სიაში მოხვდა ჩინეთიც, თუმცა მათი ოფიციალური სტატისტიკა ეჭვქვეშ არაერთხელ დაუყენებიათ.

აკმაყოფილებს თუ არა საქართველო ევროკავშირის სტანდარტებს საზღვრების გახსნისათვის?

ევროკომისიის ბოლო რეკომენდაციაში, რომელიც 11 ივნისს გამოქვეყნდა, გაწერილია კრიტერიუმები, რომლებითაც უნდა შეფასდეს, გაიხსნება თუ არა საზღვარი ამა თუ იმ ქვეყანასთან.

რეკომენდაციის მიხედვით ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთიანი სია უნდა შეიმუშაონ და შეაფასონ ქვეყნებში არსებული ეპიდსიტუაცია. ამისათვის მათ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ევროპული ცენტრის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით უნდა იხელმძღვანელონ.

პირველ რიგში შეზღუდვები უნდა მოიხსნას იმ ქვეყნებისათვის, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მსგავსია ან უკეთესია ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ასევე გასათვალისწინებელია მათი უნარები, გაუმკლავდნენ ვირუსს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ტესტირებისა და კონტაქტების კვლევის შესაძლებლობები, ასევე რეკომენდაციების დაცვა აეროპორტებსა და საჯარო სივრცეებში.

ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ პირველი ივლისიდან შეზღუდვები მოეხსნათ ბალკანეთის ქვეყნების, მათ შორის ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სერბეთისათვის.

რეკომენდაციების მიხედვით ქვეყანას ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე უკეთესი სიტუაცია უნდა ჰქონდეს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის და გამოვლენის თვალსაზრისით და გათვალისწინებული უნდა იყოს ქვეყანაში ტესტირების, კონტაქტების კვლევის, კარანტინის ზომების, მკურნალობისა და ყოველივე ზემოხსენებულის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კრიტერიუმები.

ასევე, უნდა გაითვალისწინონ, აქვს თუ არა ქვეყანას ევროკავშირის მსგავსად ან უკეთესად დაცული ნორმები ტრანსპორტსა და აეროპორტებში, მათ შორის დისტანციის დაცვა, დეზინფექცია და სხვა ზომები ვირუსის გავრცელების შესამცირებლად. ასევე, ითვალისწინებენ თუ არა ისინი ევროკომისიის და საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ უსაფრთხოების პროტოკოლში გაწერილ წესებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 6 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩამოთვლილია კორონავირუსის გამო შემოღებული რეგულაციები და ნათქვამია, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშავეს და გაითვალისწინეს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) რეკომენდაციები და სახელმძღვანელო მასალები.

დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ განიხილება ორი სია. ერთ სიაში შესულია ის ქვეყნები, სადაც 100 000 კაცზე 16 ინფიცირებული ან ნაკლები მოდის, მეორე სიაში შესულ ქვეყნებში კი 100 000 კაცზე 20-ზე ნაკლები ინფიცირებულია. სია განახლებადი იქნება და ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ქვეყნებს ამოიღებენ ან დაამატებენ.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა კი თქვა, რომ განიხილებოდა საზღვრების გახსნა იმ ქვეყნებთან, სადაც 100 000 ადამიანზე მოდის 25 ინფიცირებული. მათ შორის იყვნენ საქართველო და უკრაინა.

თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. მილიონ მოსახლეზე საქართველოს უფრო ნაკლები ინფიცირებული ჰყავს, ვიდრე ბალტიისპირეთის ქვეყნებს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას და ბალკანეთის იმ ქვეყნებსაც, რომლებთანაც ევროკავშირი საზღვრის გახსნას პირველ ივლისს განიხილავს.

მილიონ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების მაჩვენებლით საქართველო ჩამორჩება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, თუმცა უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი და უკრაინა.

აქტიური შემთხვევების კრიტერიუმით საქართველო ევროპაში ჩამორჩება მხოლოდ ესტონეთს, ლუქსემბურგს, მონტენეგროს, სლოვენიას, მალტას, ისლანდიას და ლიხტენშტეინს.

მიუხედავად ამ მონაცემებისა, დღეს, 25 ივნისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 აგვისტომდე არ აღდგება. მათ მოქალაქეებს მოუწოდეს თავი შეიკავონ ბილეთების ყიდვისაგან.

პარტია ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი წერს, რომ გადაწყვეტილება უცნაურია, რადგან ევროკავშირმა ხვალ, 26 ივნისს უნდა გამოაქვეყნოს სია იმ ქვეყნებისა, რომელთა მოქალაქეებსაც საზღვრებს გაუხსნიან და წინასწარი ინფორმაციით საქართველო ამ სიაში უნდა ყოფილიყო.

"ევროკავშირი ხვალ აქვეყნებს იმ ქვეყნების სიას რომლის მოქალაქეებსაც უხსნის საზღვრებს. სიის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს მიერ ფრენების ერთი თვით სრულიად გაუქმება უცნაურია რადგან წინასწარი ინფორმაციით საქართველო ამ სიაში უნდა ყოფილიყო. არ ჯობდა დავლოდებოდით ამ სიას? იქნებადა წერია იქ საქართველო? ყველა ფრენის ერთი თვით გაუქმებით საქართველო ევროკავშირს ერთგვარად ეუბნება რომ ამ სიაში მოხვედრა მისი პრიორიტეტი არაა. ცნობისათვის, ევროკავშირი საზღვრებს უკვე უხსნის ბალკანეთის ქვეყნებს რომელთაც ჩვენზე უკეთესი სტატისტიკა ნამდვილად არ აქვთ", - წერს კანდელაკი.

რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ევროკავშირთან რეგულაციების გათვალისწინების და საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაციის გაზიარების კუთხით და რა მოლოდინები აქვთ მიმოსვლის აღდგენის თაობაზე, ამ კითხვებით ტაბულამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები