აშშ-საქართველო

ბოკერია აშშ-ის თავდაცვის აქტზე: აჩვენებს, როგორ ჩიხში ჰყავს ივანიშვილს ქვეყანა შეყვანილი

ტაბულა

"აჩვენებს, თუ როგორ ჩიხში ჰყავს ივანიშვილს ქვეყანა შეყვანილი", - ასე აფასებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია შესწორებას, რომელიც აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში საქართველოს შესახებ უნდა შევიდეს. 

"აქამდეც რომ მივიდა საქმე, რომ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, მთავარ მეგობარს, თავისუფალი სამყაროს ლიდერს ამ ტიპის გზავნილის გაკეთება დასჭირდა, ეს უკვე აჩვენებს, თუ როგორ ჩიხში ჰყავს ივანიშვილს ქვეყანა შეყვანილი. 

ამ ადამიანებს, საქართველოს მეგობრებს აშშ-ში და, მთლიანად, თავისუფალ სამყაროში, აქვთ როგორც ღირებულებითი, ისე პრაგმატული ინტერესი. ისინი თავისუფლებას, დემოკრატიასა და ქვეყნების სუვერენიტეტს უჭერენ მხარს - აგრესიული ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ. მეორე, ამ რეგიონში მათ აქვთ პრაგმატული ინტერესი, რომ საქართველოში არ იყოს ქაოსი, საქართველო იყოს სუვერენული ქვეყანა, რაც გულისხმობს დემოკრატიას ქვეყნის შიგნით. ასევე, მთელი თავისუფალი სამყაროსთვის უკვე მკაფიო საფრთხედ დანახული პუტინის რეჟიმი არ გაძლიერდეს ამ რეგიონში საქართველოს დასუსტების ან მისი სუვერენიტეტის მოშლის ხარჯზე", - ამბობს ბოკერია. 

ბოკერიას შეფასებით, ქართული ოცნება ფორმალურად იმეორებს, რომ დასავლური ორიენტაციისაა, თუმცა, მისივე სიტყვებით, ყველა ხედავს, რომ ქვეყანა სუვერენიტეტის დასუსტებისკენ მიდის.    

მმართველ გუნდში აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში შემავალი ცვლილების შეფასებისას ამბობენ, რომ ის ქართულ ოცნებას ვერ დააზიანებს და ამტკიცებენ, რომ გიგა ბოკერიასა და სენატორი რიშის აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია. მამუკა მდინარაძე კი ფიქრობს, რომ ის, შესაძლოა, სტაფერის შედგენილიც კი იყოს. დავით ზალკალიანის თქმით, შესწორება გულდასმით უნდა წავიკითხოთ. მიუხედავად იმისა, რომ სენატორი რიში წერს, რომ "8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება" და რურუა პოლიტპატიმრად წარსულშიც მოუხსენიებია, ზალკალიანი ამტკიცებს, რომ შესწორებაში პოლიტპატიმარი ნახსენები არ არის.

ცვლილება, რომელიც აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში უნდა შევიდეს, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის. ის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ - გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას ეხება. 

შესწორებაში რიში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, თუმცა, 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ დაკავებულია და სასამართლოს ელოდება. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის რურუას გათავისუფლება არის წინაპირობა იმისა, რომ მათ საარჩევნო კანონმდებლობის შეთანხმებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ. შეთანხმებული ცვლილებები კვლავ არასრულია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2020 წლის ოქტომბერშია დანიშნული.

"2019 წლის 18 ნოემბერს ბიზნესმენები და ტელეკომპანია მთავარი არხის დამფინანსებელი, გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით დააკავეს.

8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ოპოზიციური პარტიები საქართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ბატონი გიორგი რურუას გათავისუფლება საარჩევნო კანონში შესატანი შეთანხმებული ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობაა". – წერია დოკუმენტში.

შესწორებები ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები