აზერბაიჯანი-სომხეთი

რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე? - ინტერვიუ თორნიკე გორდაძესთან

12 ივლისს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის და ტოვუზის რეგიონებს შორის დაიწყო შეიარაღებული დაპირისპირება და უკვე მეხუთე დღეა, რაც გრძელდება. აზერბაიჯანის მხარეს დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი გენერალ-მაიორი და ერთი პოლკოვნიკი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ მხარეს დაიღუპნენ ერთი მაიორი და ერთი კაპიტანი.

ორივე მხარემ დაპირისპირებაში ერთმანეთი დაადანაშაულა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას სომხურ მხარეს აკისრებს. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის ქმედებას საზღვართან პროვოკაცია უწოდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, მათთვის უცნობი მიზეზებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვრის გადაკვეთა სცადეს, სომხეთის მხრიდან გამაფრთხილებელი მოქმედებების შემდეგ აზერბაიჯანელი სამხედროები დაუბრუნდნენ თავიანთ პოსტს, მაგრამ დაახლოებით ერთ საათში სომხეთის ბლოკპოსტის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტი სომხურმა მხარემ დაიწყო, გახსნა საარტილერიო ცეცხლი და სცადა აზერბაიჯანის სტრატეგიული პოსტის ხელში ჩაგდება.

მოგვიანებით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა საზღვართან მდებარე ქალაქი ბერდი დაბომბა, სომხეთმა კი ის პოზიციები გაანადგურა, საიდანაც აზერბაიჯანელებმა ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთმა დაბომბა სოფელი აღდამი, რა დროსაც მშვიდობიანი მოქალაქე, 76 წლის კაცი დაიღუპა. ისინი ირწმუნებიან, რომ სომხეთის მხარეს 100-მდე ჯარისკაცი მოკლეს და სომხეთი ამას მალავს. დაპირისპირების დაწყების შემდეგ ბაქოში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები სამხედრო მობილიზების დაწყებას მოითხოვდნენ. გარდა ამისა, მოხდა კიბერთავდასხმა სომხეთის პრეზიდენტისა და მთავრობის ვებგვერდებზე.

რამ გამოიწვია დაპირისპირების დაწყება ამ რეგიონში, მაშინ, როდესაც ორივე ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა და რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამას. ამ თემებზე ტაბულა ესაუბრა ექსპერტს, პროფესორ თორნიკე გორდაძეს. ის განმარტავს, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია დაპირისპირების დაწყება რეგიონში, რომელიც ყარაბაღიდან საკმაოდ არის დაშორებული:

"ზუსტად რატომ დაიწყო დაპირისპირება, არავინ იცის, რადგან ძირითადად თავ-თავიანთი მთავრობებისა და თავდაცვის სამინისტროების ინფორმაციას იმეორებენ. იქ ჟურნალისტებიც არიან, მაგრამ სხვა ინფორმაცია არც მათ გააჩნიათ. ცალკე გადაადგილებაა რთული ამ ვირუსის გამო და მეორეც, ასეთ ომის მდგომარეობაში ძნელია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება. ამ ზონაში კონფლიქტი იშვიათია. ძირითადად ეს ყარაბაღის ირგვლივ ხდება. მაგრამ იშვიათი არ ნიშნავს, რომ ეს არასოდეს არ ხდება. ადრეც გაუხსნიათ ცეცხლი ამ რეგიონების საზღვარზე, მაგრამ ასეთი ინტენსივობით - არა.

ამ რეგიონში ხანდახან ცეცხლს იმიტომ ხსნიან, რომ საზღვარი არ არის დელიმიტირებული. როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლები გახდნენ, ადმინისტრაციული საზღვარი რუკაზე არსებობდა, მაგრამ ეს საზღვარი მიწაზე არავის გაუვლია. დელიმიტაცია, ანუ ბორდერიზაცია არ მომხდარა და ამიტომ, როდესაც ეს ქვეყნები დამოუკიდებლები გახდნენ, ავტომატურად უკვე საომარ მოქმედებებში იყვნენ ჩაბმული. ეს კონფლიქტი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო და როგორც კი ორივე ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, ორ სახელმწიფოს შორის ომში გადაიზარდა, შესაბამისად, საზღვრის დელიმიტაცია იქ ვერავინ გააკეთა. ამიტომ იქ არის პირობითი საზღვარი, არავინ იცის, სინამდვილეში სად გადის ის და ეს იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას.

მაგალითად, სომხეთი რომ აცხადებს, აზერბაიჯანელები იქ სამხედრო უაზით გადავიდნენო, ეს შეუძლებელი არ არის. მათ შეიძლება მართლაც არ იცოდნენ ის, რომ ტერიტორიას სომხეთი თავისად თვლის. შეტევითი ოპერაცია უაზით არ იწყება. ამისთვის არსებობს სპეციალური ჯავშანმანქანები ან ტანკები. მთავარი ის არის, რომ ეს შეუთანხმებელი საზღვარია და იქ შეიძლება ძალიან მარტივად მოხდეს ცეცხლის გახსნა და შემდეგ ესკალაცია."

თორნიკე გორდაძე მიმდინარე დაპირისპირებას ადარებს 2016 წლის აპრილში ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც 350-მდე ადამიანი დაიღუპა და ესკალაციის საფრთხეზე ლაპარაკობს:

"ახლანდელი დაპირისპირება თავისი ინტენსივობით შეიძლება 2016 წლის აპრილს შევადაროთ, თუმცა იქამდე ჯერ არ არის მისული - ცეცხლი ისეთი სიხშირის არ არის. დაღუპულთა რაოდენობაც არ არის იმდენი, რამდენიც 2016 წელს იყო. მაშინ რამდენიმე ასეულზე იყო ასული. ახლა არ ვიცით, რამდენია, მაგრამ, ალბათ რამდენიმე ათეული იქნება, მაქსიმუმ, ეს - რაც ჯერ-ჯერობით ვიცით.

ეს პატარა დაძაბულობები და კონფლიქტები ორივე ქვეყნის შიგნით ძალების გადანაწილების შესაძლებლობა ხდება. მაგრამ ძალიან დიდია რისკი, რომ მოხდეს ესკალაცია. ყველას ჰგონია, რომ იქ რამდენიმე სიმაღლეც რომ მოიპოვონ, ეს ძალიან დიდი წარმატება იქნება მთავრობისთვის შიდა პოლიტიკაში. მაგრამ ვინ იტყვის, რომ ეს ესკალაცია შეიძლება გაჩერდეს? მაგალითად გენერალ-მაიორი მოუკლეს აზერბაიჯანს, პირველად ხდება ასეთი ამბავი 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რომ ამხელა ჩინის სამხედრო მოუკლეს აზერბაიჯანს. რას იზამს აზერბაიჯანი? ასე მარტივად გაჩერდებიან ისინი? პრესტიჟის საქმეცაა."

აზერბაიჯანი ირწმუნება, რომ ცეცხლი სომხეთმა გახსნა. მათ ამის დასასაბუთებლად მოჰყავთ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ იყო სომხეთის ინტერესებში კონფლიქტის დაწყება სწორედ ამ ტერიტორიაზე. თორნიკე გორდაძე ამ მიზეზებს შემდეგნაირად განმარტავს:

"აზერბაიჯანელების ინფორმაციით, ცეცხლი გახსნა სომხეთმა და ეს მას ხელს აძლევდა რამდენიმე რამის გამო, სწორედ ამ ადგილას. ყარაბაღისგან განსხვავებით, ამ ადგილას აზერბაიჯანელებს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიმაღლე აქვთ დაკავებული. რელიეფის თვალსაზრისით რომ ვიმსჯელოთ, ყარაბაღში თითქმის ყველა სიმაღლე სომხებს აქვთ დაკავებული და სამხედრო თვალსაზრისით ბევრად უფრო ხელსაყრელ სიტუაციაში არიან.

ტოვუზის და ტავუშის რაიონებში სხვა სიტუაციაა. ზოგი სიმაღლე სომხეთს უჭირავს, ზოგი აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ სომხებს უნდოდათ ერთ-ერთი სიმაღლის აღება, რომელიც სტრატეგიულად ხელსაყრელი იყო აზერბაიჯანელებისთვის და საბაბად გამოიყენეს ამბავი, რომ ვითომ ჩვენი უაზი იქით გადავიდა და დაიწყეს შეტევაო. ეს არის მათი განცხადება.

მეორე, რასაც აზერბაიჯანელები ამბობენ იმის შესახებ, თუ რატომ დაიწყეს სომხებმა, არის ის, რომ, ყარაბაღისგან განსხვავებით, ფრონტის ხაზი აქ გადის პირდაპირ ორ სახელმწიფოს შორის. ყარაბაღი ხომ საერთაშორისო სამართლით ჯერ კიდევ აზერბაიჯანის ტერიტორიადაა მიჩნეული, მათ შორის რუსეთის მხრიდანაც. აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ სწორედ ყარაბაღში თუ დაიწყო დაპირისპირება, სომხეთს ნაკლები არგუმენტი ექნება იმისათვის, რომ ჩაითრიოს ამ კონფლიქტში კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების წევრები, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ა.შ. თუკი ორ სახელმწიფოს შორის დაიწყო უშუალოდ კონფლიქტი, მაშინ სომხეთს ექნება იმის საშუალება, რომ რუსეთისგან და სხვა თავისი მოკავშირეებისგან დახმარება მოითხოვოს.

მესამე არგუმენტი, რაც აზერბაიჯანელებს მოჰყავთ, არის ის, რომ თვითონ სომხეთში მძიმე სიტუაციაა ვირუსთან დაკავშირებით და მთავრობას უნდა რაღაც პატარა წარმატება ან ყურადღების აქეთ გადატანა და რაღაც ქულების ჩაწერა მოსახლეობის კონსოლიდაციის თვალსაზრისით."

თორნიკე გორდაძე ლაპარაკობს სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებულ შიდა პრობლემებზეც და სომხეთის შემთხვევაში ის ხაზს უსვამს ფაშინიანის წინაშე მდგარ გამოწვევებს როგორც პარლამენტში, ასევე სამხედრო ძალებში და პრორუსულად განწყობილი მაღალჩინოსნების როლს მიმდინარე პროცესებში:

"სომხეთში მართლაც არის შიდა პრობლემები, მაგრამ არა მარტო ვირუსთან დაკავშირებით. სერიოზული სირთულეები აქვს პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს. თაფლობის თვე, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო, დიდწილად უკვე დამთავრებულია და მას სერიოზული სირთულეები აქვს პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც. ვნახეთ, რომ მან ვერ მოახერხა კორუფციასთან ისეთი წარმატებული ბრძოლა. შეეცადა ქოჩარიანის კლანის დამარცხებას, თვითონ ქოჩარიანიც დააპატიმრეს, მაგრამ უცებ ქოჩარიანს პირდაპირი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა. პუტინმა პირდაპირ მიულოცა დაბადების დღე და შემდეგ მის ოჯახს პირადად შეხვდა. ის ასეთ რამეებს არ აკეთებს და ეს იყო გზავნილი, არ მოგვწონს, რასაც აკეთებო.

ამავე დროს სომხეთში გაგიკ წარუკიანს, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია და რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ოლიგარქია სომხეთში, მოუხსნეს საპარლამენტო იმუნიტეტი, მაგრამ პროკურატურის მოთხოვნა, რომ ის დაეკავებინათ სასამართლომ უკუადგო და ამითაც აჩვენეს ფაშინიანს, რომ სასამართლოს ვერ აკონტროლებს და, პირიქით, სასამართლო შეიძლება უფრო მისი ოპოზიციის მხარეზე იყოს.

ეს აჩვენებს შიდაპოლიტიკურ პრობლემებს და კრიზისს, რაც ფაშინიანს აქვს. აქედან გამომდინარე, ფაშინიანს უნდოდა კონფლიქტის დაწყება და ყურადღების გადატანა თუ, პირიქით, ფაშინიანის დაპირისპირებულ მხარეებს უნდათ, რომ იმავე სამხედრო ძალებში მას კიდევ უფრო დიდი სირთულეები შეექმნას, ეს არ ვიცი. თუ დავაკვირდებით, სამხედრო ძალებში ფაშიანიანმა სერიოზული გადაადგილებები მოახდინა.

2016 წლის შეტაკებების დროს, 1994 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ სომხებმა ვერ მოიპოვეს გამარჯვება. პირიქით, პატარა ტერიტორია დაკარგეს, რამდენიმე კვადრატული კილომეტრი. ამან ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია სომხეთში და საბოლოოდ ბევრი ცვლილება მოხდა თავდაცვის სამინისტროში, გენერალიტეტში. მაგრამ დღესაც არიან იქ სერიოზული ძალები, რომლებიც ძალიან პრორუსულად არიან განწყობილი და არ მოსწონთ ფაშინიანი. ფაშინიანი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, მერე კი შეარბილა ანტირუსული რიტორიკა, მაგრამ მთელი მისი პოლიტიკოსობის დროს, როდესაც ის ოპოზიციაში იყო, ძალიან მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთს და სომხეთში მოიაზრებოდა ერთ-ერთ ყველაზე პროდასავლურ პოლიტიკოსად. მართალია, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, იძულებული გახდა, ცოტა შეეცვალა რიტორიკა და დაემშვიდებინა რუსები და, აგრეთვე, ყარაბაღის ელიტა, რომელიც ბოლომდე მიბმულია რუსეთს და ხელს არ აძლევდათ ფაშინიანი, რადგან, როდესაც ის ოპოზიციაში იყო, ბევრად უფრო გახსნილი იყო აზერბაიჯანთან დიალოგისთვის და ისე აქტიურად არ იყო ყარაბაღის დამოუკიდებლობის თუ სომხეთთან მიერთების მომხრე, როგორც ქოჩარიანი და სარქისიანი იყვნენ, რადგან ისინი ყარაბაღელები არიან.

სომხეთის არმიის მესამე კორპუსს, რომელიც უშუალოდ იღებს სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილეობას იქ, იმ რეგიონში, ხელმძღვანელობს გენერალი ხაჩატუროვი, რომელიც გენერალ იური ხაჩატუროვის შვილია, პირდაპირ რუსეთის გენერალიტეტში ძალიან ინტეგრირებული ადამიანისა. ის იყო თავდაცვის კოლექტიური შეთანხმების გენერალური შტაბის უფროსი. პირველად დანიშნეს არარუსი და დანიშნეს სომეხი, რომელიც ძალიან პრორუსული ორიენტაციისა იყო. ამ ხალხს თავისი დღის წესრიგი აქვს."

აზერბაიჯანის შემთხვევაში თორნიკე გორდაძე აღნიშნავს სამთავრობო ცვლილებებს, რომლებიც ბოლო თვეებში მოხდა, კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, რამიზ მეჰდიევის თანამდებობიდან წასვლას:

"შიდა დაპირისპირება აზერბაიჯანულ ელიტებში საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ 90-იანი წლებიდან არის ერთი საკმაოდ ძლიერი მიმართულება, რომელიც ძალიან კრიტიკულადაა განწყობილი დასავლეთისა და ლიბერალიზმის მიმართ. ფაქტობრივად, ეს ხალხი, რომელსაც ძალიან ეშინოდა, საქართველოსა და უკრაინის მერე ფერადი რევოლუცია არ მომხდარიყო აზერბაიჯანში, რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების მომხრეა. ამ მიმართულების პატრიარქად მიიჩნევა რამიზ მეჰდიევი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო ჯერ კიდევ მამა ალიევის დროს. ძალიან დიდი ხანია, რაც იგი ამ პოსტზეა და ლიბერალიზმის მიუღებლობის იდეებს ქადაგებს პოსტსაბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით აზერბაიჯანში. ალიევმა დაიწყო მეჰდიევის კადრების უკანა პლანზე გადაწევა. მაგრამ აზერბაიჯანი უკვე რამდენიმე წელია ამბობს, რომ, თუ შედეგიანად არ დამთავრდა მოლაპარაკებები, რომლებიც გრძელდება 1994 წლიდან მინსკის ჯგუფის ფორმატში, აზერბაიჯანი იტოვებს უფლებას, რომ ეს მოაგვაროს სამხედრო ძალით. მათი სამხედრო ბიუჯეტი სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტზე მაღალია.

ორივე ქვეყანაში არის შიდა ფაქტორები. მე მგონია, რომ არცერთი მხარე არ არის ჯერჯერობით მზად, რომ ეს დაპირისპირება დიდმასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდოს. აზერბაიჯანის ინტერესებში არ არის იმიტომ, რომ სომხეთს თავისუფლად შეუძლია, ძალიან დიდი ზარალი მიაყენოს გაზის და ნავთობის ინფრასტრუქტურას, რომელიც აზერბაიჯანის შემოსავლის მთავარი წყაროა. სომხეთს, რა თქმა უნდა, დიდმასშტაბიანი ომი არ აძლევს ხელს, რადგან მის ინტერესებშია, რომ ეს სტატუს-კვო, რაც დღესაა, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მაგრამ ამ რეგიონში პატარა კონფლიქტები ხშირად ხდება ძალების გადანაწილების საბაბი, როგორც 2016 წელს მოხდა, შიდა სიტუაციაში. მაგალითად, სომხეთში 2016 წლის შემდეგ ხელისუფლების მიმართ კრიტიკამ იმატა და, ჩემი აზრით, 2018 წლის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო. რუსეთის მიმართ სომხეთის მთავრობის მონური დამოკიდებულების მისამართით კრიტიკა ისედაც იყო. ამ ფონზე რუსეთი არ ჩაერია ამ კონფლიქტში სომხეთის დასაცავად და ჩათვალა, რომ ისედაც საკმარისად აკონტროლებს სომხეთს და რატომ უნდა გაუკეთოს საჩუქარი. აზერბაიჯანს არ აკონტროლებს და მოდი აზერბაიჯანს გაუკეთებს ახლა რაღაცნაირად საჩუქარს, რომ დაიახლოვოს. ამან დიდი მუხტი მისცა ფაშინიანის რევოლუციას 2018 წელს."

თორნიკე გორდაძე ხსნის პროცესში მონაწილე გარე ფაქტორების როლს, კონკრეტულად კი რუსეთისა და თურქეთის როლს და იმას, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დაპირისპირების ესკალაციას საქართველოსთვის:

"ამ ესკალაციის გაჩერება შეუძლიათ რუსეთს და თურქეთს. ორივეს სხვადასხვა ინტერესები აქვს ამ რეგიონში. თურქეთმა ოპერატიულად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს და დაადანაშაულა სომხეთი ახალი დაპირისპირების დაწყებაში და თქვა, რომ მზად არის, დაეხმაროს აზერბაიჯანს. მაგრამ აქ დგება საქართველოს საკითხი. თუკი სომხეთს რუსეთი დაეხმარება და აზერბაიჯანს თურქეთი, საქართველო ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს სომხეთში აქვს სამხედრო ბაზები, თუ ისინი საკმარისი არ აღმოჩნდა, მას კიდევ დასჭირდება შეიარაღებული ძალების გაგზავნა. როგორ გაგზავნის? მინიმუმ, მას დასჭირდება საქართველოს საჰაერო სივრცის მოთხოვნა. დასვამს საკითხს და რას იზამს საქართველოს მთავრობა? უარს ეტყვის? უარს თუ არ ეტყვის, აზერბაიჯანს რას ეუბნება? როდესაც რუსეთმა სამხედრო მოქმედებები დაიწყო სირიაში 2015 წელს ბაშარ ალ-ასადის დასახმარებლად, Reuters-მა და სხვა საიტებმა გამოაქვეყნეს გადაფრენების რუკა და აღმოჩნდა, რომ საქართველოს უფრენდნენ. ესე იგი, მისცეს ხომ თანხმობა? მერე, როცა ეს ძალიან ღია გახდა, კასპიის ზღვიდან დაიწყეს და ფლოტილია გაგზავნეს ხმელთაშუა ზღვაში.

აზერბაიჯანის მთავარ ტერიტორიას თურქეთთან საზღვარი არა აქვს, ერთადერთი საზღვარი აქვს ნახიჩევანში, სულ 12 კილომეტრი, სადაც გზა არ არის და ინფრასტრუქტურაც შესაბამისია. რომც იყოს, თუკი იქ თურქეთმა შეიყვანა ძალები, იქიდან სად მიდის. ის ხომ დაშორებულია იმ რეგიონიდან, სადაც ახლა დაპირისპირება ხდება. ყველა ვარიანტში, საქართველოს დაუსვამენ ამ კითხვას და საქართველოსთვის ძალიან რთული იქნება ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. არ ვიცი, რა ინფორმაციას ფლობენ, საერთოდ ვინ მუშაობს ამ განხრით, ამდენ ხანს ძალიან დიდი ანალიტიკური სიღრმეებით არ გამოირჩეოდნენ, საერთაშორისო პროცესების ანალიზით და მერე გადაწყვეტილებების მიღებით და ეს საქართველოსთვის ძალიან სახიფათოა.

რუსეთი ყოველთვის თავის ინტერესებში მოქმედებს, მედიატორობასაც კი თავის ინტერესებში აკეთებს და რუსეთის ერთ-ერთი მთავარი გრძელვადიანი მიზანი ამ რეგიონში არის გავლენის სფეროს შენარჩუნება და აზერბაიჯანის თავის მხარეზე გადაწევა, აზერბაიჯანის გაზის და ნავთობის ევროპაში გატანა რუსეთის გავლით. ეს არის აზერბაიჯანთან დაკავშირებით რუსეთის მთავარი გეოპოლიტიკური ოცნება, რომ გაზპრომის და როსნეფტის ხელში ჩავარდეს აზერბაიჯანული გაზი, აიძულოს აზერბაიჯანი, რომ რუსეთს მიჰყიდოს და მერე დააწესოს ის ფასი, რაც სურს და ევროპას მიჰყიდოს. ეს აზერბაიჯანისთვის მიუღებელია, რადგან ნავთობი მათი სუვერენიტეტის მთავარი იარაღია და არ უნდა, რომ ის რუსეთს ჩაუვარდეს ხელში. უფრო მოკლევადიანი ინტერესია, ყარაბაღის კონფლიქტის და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში რაიმე სახის სამხედრო წარმომადგენლობა ჰქონდეს რუსეთს. მათ რამდენჯერმე შესთავაზეს ორივე მხარეს რუსი მშვიდობისმყოფელების განთავსება, რაზეც არცერთი არ დათანხმდა და, პირველ რიგში, აზერბაიჯანი. ისინი საქართველოს მაგალითზე ძალიან კარგად ხედავენ, რას ნიშნავს რუსული მშვიდობისმყოფელების ყოფნა რეგიონში. არც სომხეთია მომხრე, რადგან კიდევ უფრო გაიზრდება რუსეთის გავლენა სომხეთში. სომხეთის ნებისმიერი ნორმალური მთავრობის ინტერესშია, რაც შეიძლება იკლოს ამ გავლენამ და სხვა ვექტორები განვითარდეს, იმავე ევროპასა და ამერიკასთან."

კომენტარები