დიდი ბრიტანეთი - ჩინეთი

ჩინეთი: დიდი ბრიტანეთი უხეშად ერევა ჩინეთის საშინაო საქმეში

ლიუ სიაომინგი
GETTY IMAGES

ჩინეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში, ლიუ სიაომინგი, Twitter-ზე დიდი ბრიტანეთის მიერ ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმების შეწყვეტას გამოეხმაურა.

“დიდი ბრიტანეთი უხეშად ჩაერია ჩინეთის საშინაო საქმეში და დაარღვია საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების არსებითი ნორმები. ჩინეთი არასოდეს ჩარეულა დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეში. დიდი ბრიტანეთი ასევე უნდა მოექცეს ჩინეთს ან საკუთარ თავზე აიღოს შედეგები”. – წერს ლიუ სიაომინგი.

ორშაბათს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ჰონგ-კონგთან ექსტრადიციის შეთანხმებას წყვეტს. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი იარაღით ვაჭრობაზე ემბარგოს, რომელიც 1989 წლიდან ჩინეთისთვის ჰქონდა დადებული, ჰონგ-კონგზეც განავრცობდა. ამის მიზეზი ჰონგ-კონგის ახალი უშიშროების კანონი გახდა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ახალი უშიშროების კანონი მნიშვნელოვნად უშლის ხელს ჰონგ-კონგის საგარეო მოვალეობების შესრულებას.

უკანასკნელ პერიოდში დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები გართულებულია. ჰონგ-კონგში ახალი უშიშროების კანონის შემოღების შემდეგ ბრიტანეთმა ჰონგ-კონგელებისთვის საიმიგრაციო უფლებებს გააფართოვა.ბრიტანული პასპორტის მქონე პირებს, რომლებიც ჰონგ-კონგში ცხოვრობენ, შეეძლებათ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობაზე განაცხადონ.

ბრიტანეთმა ასევე შეცვალა გადაწყვეტილება 5G-ქსელის შექმნაში Huawei-ს მონაწილეობაზე. შედეგად, ბრიტანული ტელეკომუნიკაციების კომპანიებს მოუწევს მიმდინარე წელს შეწყვიტონ 5G ტექნოლოგიების შეძენა Huawei-სგან, ხოლო უკვე ხმარებაში არსებული ტექნიკის შესაცვლელად ვადა 2027 წლამდე ექნებათ.

კომენტარები