რუსეთი

რუსეთში ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი კიდევ ერთხელ დააჯარიმეს

NYT

მოსკოვის სასამართლომ რუსეთის ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, ანტიკორუფციული ფონდის "უცხოეთის აგენტის" კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და ჯარიმა დააკისრა.

ნავალნის ცნობით, სასამართლომ ფონდი ასევე დაადანაშაულა, რომ ორგანიზაციის YouTube არხი "უცხოეთის აგენტად" არ არის მონიშნული. 

"ახლა ისინი უკვე ყოველდღიურად გვაჯარიმებენ". – წერს ნავალნი Twitter-ზე.

ჯარიმის ოდენობა 8 300 აშშ დოლარია. 

5 მარტს რუსეთის სასამართლომ ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი იმიტომ დააჯარიმა, რომ ორგანიზაცია სოციალურ მედიაში უცხოეთის აგენტად არ არის მონიშნული.

"ეს ჯარიმა სრულიად არალეგალურია. ფონდი ყოველთვის რუსეთის მოქალაქეებისგან იღებდა დაფინანსებას". – წერს ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი. ის ეწინააღმდეგება ბრალდებას, რომ ფონდი "საგარეო აგენტად" უნდა იყოს აღიარებული. 

ნავალნიმ განაცხადა, რომ ფონდს დახურავს, რადგან ჯარიმების ღირებულებამ 1.2 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. მისივე თქმით, ფონდის ხელახლა დაარსებას სხვა სახელით ცდის. 

რუსი მაღალჩინოსნები ფონდის ოფისებს ხშირად ჩხრეკენ, აქტივებს ყინავენ. ფონდში მომუშავე პირები არაერთხელ დაუკავებიათ აქციების ორგანიზებაში და მათში მონაწილეობის მიღებისთვის. 

2019 წლის ოქტომბერში, ზაფხულის ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნავალნის ანტიკორუფციული სააგენტო უცხოეთის აგენტთა სიაში ოფიციალურად შეიყვანა. 

2012 წელს მიღებული კანონით, რუს მაღალჩინოსნებს შეუძლიათ, უცხოეთის აგენტთა სიაში შეიყვანონ ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთიდან იღებენ დაფინანსებას - ამ სიაში მოხვედრილებმა რეგულარულად უნდა წარადგინონ ინფორმაცია დაფინანსების წყაროს, ხარჯების, მმართველების შესახებ.

სამოქალაქო აქტივისტები აკრიტიკებენ კანონს, როგორც კრემლის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილთა გასაჩუმებლად შექმნილს. ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს თქმით, კანონი მოქალაქეების სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას არღვევს.

კომენტარები