აშშ-საქართველო

გახარია: პომპეოსთან სატელეფონო საუბარი უაღრესად პოზიტიური იყო

ქართული ოცნება

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან სატელეფონო საუბარი "უაღრესად პოზიტიური და უაღრესად მომავალზე ორიენტირებული" იყო. ამის შესახებ გახარიამ ამერიკელი კონგრესმენების წერილზე განაცხადა, რომლითაც მარკუეინ მალინმა, ჯოდი არინგტონმა, ბილ ფლორესმა, უილ ჰარდიმ, ბრაიან ბაბინმა და რენდი უებერმა მაიკ პომპეოს მიმართეს. 

"სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივანთან, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური და უაღრესად მომავალზე ორიენტირებული, მისი ძირითადი აქცენტები იყო, რამდენად ფასეულია, როგორც საქართველოსთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, არა მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ისტორიულად საუკეთესოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არამედ, სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება სხვადასხვა სფეროში, უსაფრთხოების სფეროში, დემოკრატიის შემდგომი განვითარების, მათ შორის, ბიზნესის და ეკონომიკის სფეროებში. ეს არის რეალობა, ამ რეალობას ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ დადასტურებულად დავინახავთ მას შემდგომ, რაც ეს ქვეყანა, თქვენ, ჩვენ, ყველანი ერთად, ღირსეულ და ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ" - თქვა გახარიამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით 27 ივლისს ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თამაშის თანაბარი პირობები. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯისა. ასევე, პომპეომ გახარია სასამართლოს და საარჩევნო სისტემის პოლიტიზებაზე გააფრთხილა.

კომენტარები