ავღანეთი

ავღანეთში თალიბანის მიერ მოწყობილი თავდასხმებისას უშიშროების ძალების 57 წევრი მოკლეს

ავღანეთის უშიშროების ძალებსა და დაჯგუფება თალიბანის მებრძოლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, უშიშროების ძალების 57 წევრი დაიღუპა და ათობით დაშავდა. დაპირისპირება მოხდა ურუზგანის პროვინციაში, ასევე, ჰელმანდის, თახარის, კაპისის, ყუნდუზის და ბალხის პროვინციებში. ურუზგანში თალიბანის წევრები გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს. ბალხის პროვინციაში მათ ავღანეთის სადაზვერვო სამსახურის 3 წევრი აიყვანეს მძევლად. უცნობია მსხვერპლის რაოდენობა თალიბანის მხარეს. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, 4 პროვინციაში თალიბანის 80 წევრი მოკლეს.

12 სექტემბერს დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური დაპირისპირებაა ქვეყანაში.

ავღანეთის მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები კატარში მიმდინარეობს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისათვის ჯერ არ მიუღწევიათ.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ქვეყნის 24 პროვინციაში თალიბანის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 98 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 230.

წლის დასაწყისში აშშ-მ და თალიბანმა ავღანეთის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მიხედვით, აშშ-ს ჯარმა ავღანეთი მომდევნო 14 თვის განმავლობაში უნდა დატოვოს. გარიგება ითვალისწინებს ავღანეთში მიმდინარე ომის დასრულებას და თალიბანსა და ავღანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს. თალიბანის 5000 მებრძოლის გათავისუფლება ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი წინაპირობა იყო. ავღანეთის მთავრობამ პატიმრების გათავისუფლების პროცესი უკვე დაიწყო.

კომენტარები