ალექსეი ნავალნი

მოსკოვში ალექსეი ნავალნის ბინასა და ანგარიშებს ყადაღა დაადეს

ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ბინას და საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადეს. ინფორმაცია ამის შესახებ პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა გაავრცელა. კირა იარმიშის ინფორმაციით ბინაში ნავალნის წილსა და მის ანგარიშებს ყადაღა 27 აგვისტოს დაადეს.

ყადაღა დაკავშირებულია კომპანია Московский школьник-ის სარჩელთან. კომპანია დაკავშირებულია "პუტინის მზარეულად" ცნობილ ევგენი პრიგოჟინთან , თუმცა პრიგოჟინი უარყოფს, რომ მისი მფლობელია. კომპანია რუსეთის სკოლებისთვის სადილებს ამზადებს.

Московский школьник-ის სარჩელის გამო YouTube არხის Navalny Live-ის ხელმძღვანელის, ლუბოვ სობოლის და ანტიკორუფციული ფონდის ანგარიშებიც დააყადაღეს.

2019 წლის დასაწყისში ნავალნის სააგენტომ გამოაქვეყნა ვიდეოგამოძიება, რომელშიც კომპანიას ბაზრის მონოპოლიზაციასა და ბავშვებისთვის ცუდი ხარისხის საკვების მიწოდებაში დაადანაშაულა, რის გამოც, მათი თქმით, ბავშვები მოიწამლნენ.

Московский школьник-მა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ნავალნისგან, სობოლისა და ანტიკორუფციული ფონდისგან საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის კონპენსაცია მოითხოვა. 2019 წლის ოქტომბერში სასამართლომ კომპანიის სარჩელი დააკმაყოფილა და მოპასუხეებს 88 მილიონი რუბლის გადახდა დააკისრა. წაგებული სასამართლო პროცესის გამო ნავალნიმ ფორმალურად დახურა ანტიკორუფციული ფონდი.

2020 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ევგენი პრიგოჟინმა Московский школьник-ისგან გამოისყიდა ანტიკორუფციული ფონდის წარმომადგენლებისგან ვალის მოთხოვნის უფლება.

აგვისტოში პრიგოჟინი ნავალნის და მის ორგანიზაციას ემუქრებოდა და ამბობდა, რომ ნავალნის ანტიკორუფციულ სააგენტოს სასამართლოში უჩივლებდა და 88 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდას მოსთხოვდა.

ალექსეი ნავალნი ამჟამად გერმანიაში გადის თერაპიის კურსს. 22 სექტემბერს ის კლინიკა შარიტედან 32-დღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. 24 დღე ნავალნიმ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა. 

ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე გახდა. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

ნავალნის გუნდში ამბობენ, რომ ნერვული აგენტი ნოვიჩოკი, რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

კომენტარები