საზოგადოებრივი მაუწყებელი

ჩიხრაძე: ლელო მხარს უჭერს საზმაუს გენ. დირექტორის კონკურსში ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურას

ფიქრია ჩიხრაძე
ლელო

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში პარტია ლელო მხარს ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურას დაუჭერს.

ამის შესახებ სამგორის რაიონში ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ფიქრია ჩიხრაძემ ისაუბრა. 

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, უკვე ბევრი წელია, რაც არ წყდება საუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედსა და მის ფუნქციაზე და ამ წლების განმავლობაში არ გადაწყდა პრობლემა, რაც მიუკერძოებელი, საზოგადოების ინტერესზე ორიენტირებული ტელევიზიის არსებობას შეეხება. 

"ვიხდით ფულს, მაგრამ ხარისხიან პროდუქტს ვერ ვიღებთ. სამწუხაროდ, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეელია საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტროლის ბერკეტებს, არადა, გვახსოვს მცირეხნიანი გამონათებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიაში – როცა ხელისუფლებები რაღაც მიზეზით ვერ იცლიდნენ არხის კონტროლისთვის.

ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი და ქართული საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ადექვატურად მორეაგირე საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტად მნიშვნელოვანია – ვინ იქნება არხის ხელმძღვანელი.

ლელო მხარს უჭერს ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურას, რადგან, გარდა პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი ფაქტორისა, მას აქვს ხედვა, რომელიც დღეს არსებულ ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში ზუსტად ესადაგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს". – ამბობს ფიქრია ჩიხრაძე. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის თქმით, არ სურს, წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდეს და ამიტომ გადადგა. გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე სამეურვეო საბჭო 6 წლის ვადით ნიშნავს.

შესარჩევი კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე, თინათინ ბერძენიშვილი და ალექსანდრე ვახტანგოვი.

კომენტარები