აშშ-ს არჩევნები 2020

ჯო ბაიდენი: ჩვენ მოვიგებთ ამ რბოლას

ჯო ბაიდენი
Deadline

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლა გრძელდება. აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა, თქვა, რომ ის გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

მან აღნიშნა, რომ საბოლოო გამარჯვება ჯერ არ დამდგარა, "თუმცა რიცხვები გვეუბნება, რომ ეს ნათელი და დამაჯერებელია – ჩვენ ამ რბოლას მოვიგებთ".

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ გასულ 24 საათში ის უკვე ჯორჯიის და პენსილვანიის შტატებშიც ლიდერობს და დარწმუნებულია, რომ ამ შტატებში გაიმარჯვებს. 

"ჩვენ ვიქნებით პირველი დემოკრატები, რომლებიც არიზონას მოიგებენ პირველად 24 წლის განმავლობაში და ჯორჯიას - 28 წლის განმავლობაში". – უთხრა მან თავის მხარდამჭერებს ვილმინგტონში, დელავერში. ბაიდენს თან ახლდა ვიცეპრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, კამალა ჰარისი. 

ჯო ბაიდენს სჯერა, რომ საარჩევნო კოლეგიაში ის 300-ზე მეტ ხმას მოიპოვებს. 

მისივე თქმით, თავის მეტოქეს, დონალდ ტრამპს, 4 მილიონი ხმით უგებს. 

"ყოველ საათში უფრო ნათელი ხდება, რომ ყველა რასის, რწმენისა და რელიგიის ამერიკელების რეკორდულმა რიცხვმა ცვლილება აირჩია და მათ მოგვცეს მანდატი, რათა ვიმოქმედოთ Covid-ზე, ეკონომიკაზე, კლიმატის ცვლილებაზე, სისტემურ რასიზმზე. მათ ნათლად [თქვეს], რომ ქვეყანაში უნდათ გაერთიანება და არა დაშორება" – აღნიშნა მან თავის მიმართვაში.

"ჩვენ შეიძლება ვართ ოპონენტები, მაგრამ მტრები არ ვართ" – თქვა მან მის მეტოქეზე, რომელიც ამჯერად სახელით არ უხსენებია. 

ბაიდენმა მოსახლეობას უთხრა, რომ მათი ხმები დაითვლება.

"არ მაღელვებს, თუ რამდენად ძლიერად შეეცდება ხალხი ამის შეჩერებას. მე ამას არ დავუშვებ" - თქვა ჯო ბაიდენმა. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი არჩევნების მოპარვაზე საუბრობს და ხმების დათვლის შეწყვეტას ითხოვს. მის გუნდში ამბობენ, რომ იმ შტატებში, სადაც ტრამპი მცირე სხვაობით დამარცხდა, ხმების გადათვლას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს კიდევ ერთ შტატში, პენსილვანიაში გადაასწრო, სადაც ამჯერად უკვე ხმების 99%-ია დათვლილი. ამ დროისთვის ბაიდენს 49.6% (3 337 069 ხმა) აქვს, ტრამპს კი - 49.2% (3 308 192 ხმა).

მანამდე ბაიდენმა ტრამპს გადაასწრო ჯორჯიის შტატში, სადაც ხმების 99%-ია დათვლილი და ბაიდენს უკვე 4 020 ხმით მეტი აქვს მიღებული.

ხმების დათვლა გრძელდება ალასკის და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებშიც, სადაც ტრამპი ლიდერობს. ასევე ნევადასა და არიზონაში, სადაც ბაიდენია პირველ ადგილზე.

ბოლო მონაცემებით ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში 253 ხმა აქვს მოპოვებული, მას კიდევ ჩვიდმეტი ხმა სჭირდება. პენსილვანიის მოგების შემთხვევაში ის 20 ხმას მიიღებს.

განახლებადი შედეგები ნახეთ აქ.

ამავე თემაზე:

კომენტარები