რუსეთი

პუტინი რუსულ ვაქცინას არ იკეთებს, თუმცა, მისი თქმით, ის უსაფრთხო და ეფექტიანია

ვლადიმირ პუტინი
POLITICO

პუტინი რუსულ ვაქცინას არ იკეთებს, თუმცა, მისი თქმით, რუსეთში განვითარებული ორივე ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია. 

"ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია ფართო ვაქცინაცია და სახელმწიფოს მეთაური ვაქცინაციაში მოხალისედ ვერ მიიღებს მონაწილეობას. ეს შეუძლებელია. პრეზიდენტი დაუმტკიცებელ ვაქცინას ვერ გამოიყენებს". – განაცხადა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა

14 ოქტომბერს ნოვოსიბირსკის ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრმა, ვეკტორმა, კორონავირუსის მეორე რუსული ვაქცინა დაარეგისტრირა. ვაქცინის სახელწოდებაა EpiVacCorona. 

პირველი დაპატენტებული და დარეგისტრირებული კორონავირუსის რუსული ვაქცინა Sputnik V-ია. ის გამალეას კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა.

11 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დააანონსა, რომ რუსეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა დაამტკიცა ვაქცინა, შეცვლილი სახელით, Sputnik V. ვაქცინა დაამტკიცეს მანამ, სანამ მესამე ფაზის ცდები დაიწყებოდა. ვაქცინის ექსპერტები ამას სარისკო ნაბიჯად თვლიან.

მაშინ, პუტინმა თქვა, რომ მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა უკვე გაიკეთა. 

24 ნოემბერს გამალეიას ინსტიტუტმა შუალედური მონაცემები გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ვაქცინა 91.4%-ით ეფექტიანია. 

რუსეთში მედიკოსების, მასწავლებლებისა და ოფიციალური პირების ვაქცინაცია უკვე დაწყებულია. 

68 წლის პუტინი მისი ასაკის გამო რისკჯგუფშია. აღსანიშნავია, რომ 28 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფო მედიაში განაცხადეს, რომ 60 წელს გადაცილებული მოხალისეების ნებაყოფლობით ვაქცინაცია დაიწყეს. 

რუსეთი მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მე-5 ადგილზეა.

კომენტარები