ქველმოქმედება

0 კომენტარი

საქართველოში ბევრს ვმოგზაურობ და იცით, რა აკლია ამ ქვეყანას? ეკლესიები. თუ რაიმე მართლაც დეფიციტურია საქართველოში, ეს ისეთი ადგილებია, სადაც მივიდოდა ადამიანი და ილოცებდა. ამას წინათ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მოგზაურობისას, აღმოვაჩინე რამდენიმე გორაკი, რომელზეც ეკლესია არ იდგა. ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს?

თუმცა, ამ პრობლემის გამოსასწორებლად, საბედნიეროდ, რაღაცა კეთდება. რამდენჯერაც ტელევიზორს ჩავრთავ, ვხედავ რეკლამას, რომლითაც მევედრებიან, რამდენიმე ლარი შევწირო რომელიღაც უეკლესიო სოფელში ახალი ეკლესიის აშენების საქმეს. ჩემს სახლთან პოპულის სუპერმარკეტში ყუთი დგას მონასტრის ასაშენებელი შემოწირულობების შესაგროვებლად, რესპუბლიკის მოედანზე დაკიდულ დიდ ეკრანზე კი ფოთში ტაძრის მშენებლობის შესახებ საინფორმაციო რეკლამა გადის – ზუსტად სტრიპტიზკლუბ დივას რეკლამის შემდეგ. 
 
თავისთავად ის ფაქტი, რომ ასეთი კამპანიები არსებობს, ქართველი ხალხის თანდაყოლილ გულუხვობაზე მეტყველებს, რაც ნამდვილად საამაყო რამაა. თუმცა, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში გულუხვობა ცოტა უადგილო მეჩვენება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბოლო დროს ქვეყანაში აშენებული ეკლესიების უმეტესობა, სამწუხაროდ, ქართული საეკლესიო არქიტექტურის დაკნინების მაგალითებია. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ უძველესი ხანის ძეგლების იმიტაციებს დისნეილენდისეული ფრესკებით არაფერი აქვთ საერთო ატენის სიონის ან სამთავისის სიდიადესთან.
 
თუმცა, ჩემთვის მთავარი პრობლემა მთელ ქვეყანაში მიმობნეული ამ ჰიპერტროფირებული ასლების არაელეგანტურობა არ არის. მე ის მაწუხებს, რომ საქართველოს ბევრ ქალაქსა თუ სოფელში ცხოვრებას ახლომახლო ეკლესიის არარსებობა კი არ ართულებს, არამედ – მორიდებით ვიტყვი – სუფთა სასმელი წყლის, ნორმალური პოლიკლინიკის ან მისასვლელი გზის არარსებობა. ეს არის, რაც ათასობით ქართველს ცხოვრებას უძნელებს. ამ გაჭირვებული ადამიანების უფრო იღბლიან თანამემამულეთა ქველმოქმედება უმჯობესი იქნებოდა, ამ პრობლემების დაძლევას მოხმარდეს, ვიდრე ეკლესიისა თუ მონასტრის მშენებლობას. საქართველოში ბევრ ისეთ ადგილას ვყოფილვარ, სადაც ამაყობენ ახალთახალი, მარმარილოთი მოპირკეთებული, მბზინვარე გუმბათიანი ეკლესიით, რომლის აშენება მილიონი დოლარი მაინც დაჯდებოდა. ასეთი ეკლესია კი მინებჩამსხვრეული საშუალო სკოლის გვერდით დგას – რაღაც არასწორია პრიორიტეტების ასე განსაზღვრაში.
 
თავისთავად, ქველმოქმედება კარგი საქმეა და არ მინდა, ვინმეს ამის კეთება გადავაფიქრებინო. მაგრამ, ეგებ, რამდენიმე გორაკი ეკლესიის გარეშე დაგვეტოვებინა ცოტა მეტი ხნით; მინიმუმ მანამ, სანამ ადგილობრივ სკოლებს შევაკეთებდით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები