საგარეო უწყება: მედვედევის განცხადებები ”პროვოკაციული” და ”სახიფათოა”

ოფიციალური თბილისის შეფასებით, სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები “პროვოკაციული” და ”სახიფათოა”. დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ,  როცა ასეთი განცხადება უმაღლესი ტრიბუნიდან კეთდება, ”ეს ძალიან სახიფათოა და  განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.”

18 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა რუს სამართალდამცველებს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის შესაძლო პროვოკაციებისგან დაცვა დაავალა. ”ძალები, რომლებიც სოჭის ოლიმპიური თამაშების გამართვას ეწინააღმდეგებიან, უნდა გამოვლინდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ, თუ რუსეთის მოქალაქეებზეა საუბარი. თქვენ თავადაც გესმით, რომ არის გარკვეული პრობლემები ჩვენს მეზობელთან - საქართველოსთან დაკავშირებითაც,” განაცხადა მედვედევმა ”ნებისმიერი პროვოკაცას შესაბამისი ბარიერი უნდა დავახვედროთ,” დასძინა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ მედვედევის განცხადებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ შეიარაღების გაზრდისა და ”სამომავლოდ მისი კიდევ უფრო გაფართოების” გამართლების მცდელობა იყოს. საგარეო უწყებამ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა მოსკოვის მსგავს განცხადებებს ”განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ.”

კომენტარები