ალკოჰოლიზმის მომაკვდინებელი ხიბლი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ თებერვალში გამოქვეყნებული მონაცემებით, ალკოჰოლიზმით გამოწვეული დაავადებები ყოველწლიურად 2.5 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. აქედან 300 ათასი შემთხვევა 15-დან 29 წლამდე ასაკის ჯგუფზე მოდის.

ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები გლობალურ პრობლემას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ის ინდივიდებს აყენებს ზიანს, გარშემომყოფებისთვის და მთელი საზოგადოებისთვის არასახარბიელო შედეგები მოაქვს.

მონაცემები არ ადასტურებს საქართველოში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსმელი ერი ვართ. კვლევის შედეგების მიხედვით, ქართველები ყოველწლიურად საშუალოდ  4 ლიტრ სპირტს მოიხმარენ, რაც ოთხჯერ ნაკლებია სიის სათავეში მყოფი მოლდოველების, ჩეხებისა და უნგრელების ანალოგიურ მონაცემზე. ამასთან, საქართველოსთვის ტრადიციულ ღვინოზე სპირტის მოხმარების მხოლოდ მეხუთედი მოდის. 15 წელს ზევით ადამიანების მიერ ალკოჰოლის მოხმარების რაოდენობის მიხედვით, ათეულში რუსეთსა და მის მეზობელ ქვეყნებს ღირსეული ადგილი უჭირავთ. სპირტს ცენტრალურ ევროპის ქვეყნებშიც ჭარბად მოიხმარენ. აფრიკაში კი, ამავე მონაცემებით, სპირტიან სასმელებს თითქმის არ სვამენ. მუსლიმური ქვეყნები, რომელთა რელიგიაც ალკოჰოლს კრძალავს, ტრადიციულად ყველაზე დაბალი მოხმარების ჯგუფში ერთიანდებიან. თუმცა გამონაკლისები აქაც არსებობს – როგორიცაა ჩვენი მეზობელი თურქეთი და აზერბაიჯანი.

კვლევამ აჩვენა, რომ ეკონომიკური ფაქტორი მნიშვნელოვნად განაპირობებს ალკოჰოლიზმით გამოწვეული დაავადებებით სიკვდილიანობას. რაც უფრო დაბალია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მით უფრო მაღალია ალკოჰოლისგან მომდინარე ფატალური შედეგები. მაგალითად, თუ რუსეთში ყოველი მეხუთე კაცი და ქალების 6% სწორედ ალკოჰოლს ეწირება, მსგავსი მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია საფრანგეთში, სადაც იგივე რაოდენობის ალკოჰოლს მოიხმარენ. მკვლევართა დასკვნით, განსაკუთრებით დიდია დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და ნაკლები განათლების მქონე ადამიანების ალკოჰოლიზმით დაავადების რისკი. საქართველოში ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა ბევრად დიდია დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელზე. ეს მაშინ, როცა ჩვენთან უფრო ნაკლებს სვამენ, ვიდრე ამ ქვეყნების ნაწილში, თუმცა საქართველოში ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული სიკვდილიანობა თითქმის ორჯერ დაბალია, ვიდრე რუსეთში.
 
კვლევაში აღნიშნული ალკოჰოლის დონის განსაზღვრას ართულებს ის ფაქტი, რომ განვითარებად ქვეყნებში აღურიცხავი ალკოჰოლის დიდი წილია. ამიტომ ხსენებული მონაცემებით თავის დამშვიდება არასწორი იქნება.

არსებობს მოსაზრება, რომ სპირტიანი სასმელის მცირე დოზით მიღება ჯანმრთელი ორგანიზმისთვის მავნე არ არის. მეტიც, თუ კანადელი მედიკოსების მიერ კალგარის უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევას დავუჯერებთ, მისი ზომიერი მოხმარება ორგანიზმში ე.წ. კარგი ქოლესტერინის რაოდენობას ზრდის. ეს გულის დაავადებების და გულის შეტევით გარდაცვალების რისკს 25%-ით ამცირებს. თუმცა ზომიერების დარღვევის შემთხვევაში ალკოდამოკიდებულების, უფრო რთულ შემთხვევებში კი ალკოჰოლიზმის განვითარების საფრთხე არსებობს. მსგავსი შედეგის გამოწვევა ბევრ ფაქტორს შეუძლია, განკურნება კი არც ისე ადვილია.

ალკოჰოლიზმი მძიმე ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი მასზე დამოკიდებული ხდება. ამ დროს ადამიანი სასმელს უკონტროლოდ და ხშირად გაუაზრებლადაც კი იღებს. დაავადებული ცხადად ხედავს თანმდევ  ფინანსურ და ჯანმრთელობის პრობლემებს, მაგრამ სმას თავს მაინც ვერ, ზოგჯერ კი არ ანებებს.

მედიკოსები განარჩევენ დამოკიდებულების სხვადასხვა ხარისხს, ალკოჰოლის ბოროტი მოხმარებიდან ქრონიკულ ალკოჰოლიზმამდე. ყველა ამ შემთხვევას მსგავსი სიმპტომები ახასიათებს. თუ გაქვთ სასმელის მიღების მუდმივი მოთხოვნილება, ვერ აკონტროლებთ მის რაოდენობას, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი გჭირდებათ თრობის მისაღწევად, სიფხიზლეში თავს არაკომფორტულად გრძნობთ, სასმელის არქონის შემთხვევაში კი მთელ ძალებს მის შოვნაზე მიმართავთ, ეს ერთადერთ რამეზე მეტყველებს: ალკოჰოლიზმამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

კვლევების მიხედვით, ალკოდამოკიდებულების მიზეზი ხშირად ადრეულ ასაკში დაწყებული სმაც ხდება. ხშირად გადამწყვეტ გავლენას ალკოდამოკიდებული მშობელი, ნათესავი თუ მეგობართა წრე ახდენს. გარკვეულ როლს ფილმებსა და მხატვრულ ნაწარმოებებში სასმელის მიმზიდველად წარმოჩენაც თამაშობს.  

ამრიგად, ბავშვისთვის მადის მოსამატებლად მიცემული მცირე რაოდენობით ღვინო, მოზარდების მიერ მეგობრების ან საოჯახო სუფრებზე სასმელის მიღება, შეიძლება სულაც არ იყოს ისე უსაფრთხო, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ერთი შეხედვით, ალკოჰოლი ადამიანს ამხიარულებს და პრობლემებს ავიწყებს, რეალურად კი დეპრესანტი გახლავთ. თრობით გამოწვეული ეიფორია ხანმოკლეა, შედეგები კი – არც ისე სახარბიელო. ალკოჰოლი აქვეითებს სუნთქვისა და გულისცემის სიხშირეს, ითრგუნება ტვინის ზოგიერთი უბნის მუშაობა. შესაბამისად – კოორდინაცია ირღვევა, ხანმოკლე მეხსიერება სუსტდება, აზროვნება ნელდება და ყურადღება იფანტება.

ალკოჰოლით თრობა ხშირად დანაშაულებათა ჩადენის მიზეზი ხდება. სხვადასხვა ფაქტორის გავლენით, მაგალითად გადაღლილობისას ან შიმშილის დროს, შეიძლება განვითარდეს განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელსაც პათოლოგიური თრობა ეწოდება. ამ ხანმოკლე, მაგრამ მწვავე ფსიქოზური მდგომარეობის დროს ადამიანს ცნობიერება ეშლება. პათოლოგიური თრობა უეცრად იწყება და მისთვის დიდი ოდენობით სპირტის დალევა აუცილებელი არ არის.  

განსაკუთრებით საშიში ალკოჰოლის ჯანმრთელობაზე მოქმედების გრძელვადიანი შედეგებია. სპირტიანი სასმელების სისტემატური მიღება აზიანებს ნერვულ და საჭმლის მომნელებელ სისტემას, მხედველობას, გულს. ღვიძლში იწყება გადაგვარებითი პროცესი, რამაც ალკოჰოლური ჰეპატიტი, იგივე ღვიძლის ანთება შეიძლება გამოიწვიოს. რამდენიმეწლიანი სმის შემდეგ ამას ღვიძლის დაშლამდე მივყავართ. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად, მოზარდებს შეიძლება შაქრიანი დიაბეტი განუვითარდეთ. იშვიათობას არ წარმოადგენს სქესობრივი ფუნქციის მოშლა. სპირტიანი სასმელების დიდი რაოდენობით და რეგულარული მოხმარებისას იზრდება პირის ღრუს, ყელის, ღვიძლის და მკერდის კიბოს შანსი.

ამ საფრთხეების მიუხედავად, ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანის დარწმუნება, რომ მას მკურნალობა ესაჭიროება, რთულია. საქართველოში ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულების სარეაბილიტაციო ლიცენზირებული კლინიკა სულ ოთხია. ერთ-ერთი მათგანის დირექტორი, ნიკოლოზ ბელიაშვილი ამბობს, რომ ამ კლინიკაში ყოველთვიურად 3-4 ადამიანი გადის სტაციონარულ მკურნალობას. პაციენტთა რიცხვის სიმცირეს, სავარაუდოდ, რეაბილიტაციის კურსის ფასიც განაპირობებს. სამკვირიანი მკურნალობის კურსი დეტოქსიკაციას, ანუ ორგანიზმის ალკოჰოლისგან გაწმენდას და ფსიქოლოგიურ დახმარებას ითვალისწინებს და 1800 ლარი ღირს. ამ დროს ფსიქოლოგი მუშაობს როგორც პაციენტებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. როგორც მოსალოდნელი იყო, პაციენტების 90% სწორედ ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების გავლენით ან ზეწოლით თანხმდება მკურნალობას. „ნასვამი კაცი თვითონ ნაკლებად მოვა, ერთხელ რომ დალევს, მერე ნაბახუსევზე კიდევ დალევა უნდა”, – ამბობს ბელიაშვილი.
როგორც ჩანს, ტრადიციული ქართული მკურნალობის მეთოდი „დილით ხაში და ასი გრამი არაყი” თითქმის პირდაპირი გზაა ალკოჰოლიზმით დაავადებისკენ, რომლისგან განკურნებაც არც მარტივია და არც იაფი.

კომენტარები