ევროკავშირი

ბუნდოვანი დაპირება

ევროკავშირი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს წლის ბოლომდე დაიწყებს. ამის შესახებ იმ დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელიც ვარშავაში 29-30 სექტემბერს გამართულ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე მიიღეს. 

აღმოსავლეთის პარტნიორობაში, საქართველოსთან ერთად, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი მონაწილეობენ. პროგრამა 2009 წლის მაისში დაიწყო და მეზობელი ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოებას ითვალისწინებს. 

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების წარმატებით განხორციელებას მიესალმება. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს, ისევე როგორც აღმოსავლეთის პარტნიორობის დანარჩენ წევრებს, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროკავშირი მომავალში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას სთავაზობს. ამჟამად, უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან მომდინარეობს. 

“სამიტის მონაწილეები აღიარებენ ზოგიერთი პარტნიორის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს და მათ ნებას ღრმა და მდგრადი დემოკრატიის მშენებლობისათვის, ყურადღებას ამახვილებენ აღმოსავლეთის პარტნიორობის განსაკუთრებულ როლზე მათ მხარდასაჭერად, ვინც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობისკენ ისწრაფვის”,  – ნათქვამია დეკლარაციაში.  

სამიტის ზოგიერთ მონაწილეს იმედი ჰქონდა, რომ დეკლარაციაში უფრო მკაფიოდ აისახებოდა პროგრამის წევრი ქვეყნებისთვის აღმოსავლელი პარტნიორების ევროკავშირში  სამომავლოდ გაწევრიანების მხარდაჭერა. პოლონური მედიის ცნობით, დეკლარაციის მომზადებისას პოლონეთი დოკუმენტში ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის ხსენებას მხარს უჭერდა. ეს უკანასკნელი ნებისმიერი დემოკრატიული ევროპული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას ითვალისწინებს. თუმცა, დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში ამგვარი ფორმულირება ვერ მოხვდა. 

აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას, სამიტზე ღიად ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი, ნიკ კლეგი მიემხრო. მისი განცხადებით, ევროკავშირის წინა გაფართოებამ „უდიდესი ეკონომიკური სარგებელი მოიტანა” და კავშირში აღმოსავლეთის ქვეყნების ინტეგრაცია მომგებიანი იქნება. „დიდი ბრიტანეთი ნათლად ეუბნება „არა”-ს  გეგმებს, რომლებიც ევროკავშირში ხორვატიის გაწევრიანების შემდეგ პაუზის აღებას გულისხმობს”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.  

სამიტის დასრულების შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „საქართველოსა და მოლდოვას ამ სამიტისგან უფრო დიდი მოლოდინები ჰქონდათ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ”. მისი თქმით, დღეს არ არსებობს საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბრის დაწყების წინაპირობა. ტუსკმა წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა გადაწყვეტილება, ამ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. 

აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს განსხვავებული ინტერესები და მდგომარეობა აქვთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით. ყველა მათგანს არ სურს ევროკავშირში ინტეგრაცია. 

 „ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ექვსივე ქვეყანა, რომლებსაც სხვადასხვა მისწრაფებები გააჩნიათ, ერთად მოაქცია”, – განუცხადა The New York Times-ს ბრიუსელში მოქმედი ღია საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორმა, ჰიზერ გრაბემ. 

ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ ექვსი ქვეყნიდან მხოლოდ მოლდოვასა და საქართველოში შეინიშნება დემოკრატიის ევროპული მოდელისკენ სვლის ნიშნები. „აზერბაიჯანში, სომხეთსა და ბელარუსში ავტორიტარული რეჟიმებია დამყარებული, უკრაინაში კი სიტუაცია ამ მხრივ სწრაფად უარესდება და ხელისუფლების ცენტრალიზაცია იზრდება”. 

ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – განაცხადა ვარშავაში ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. იგი ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების თაობაზე, დახურულ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ევროკავშირის ძალიან ბევრი ლიდერი გუშინ და დღეს საუბრობდა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. თუნდაც რამდენიმე თვის წინ, ამის ხმამაღლა თქმაც არ შეიძლებოდა”. 

კომენტარები