დასავლეთის ურთიერთობა რუსეთთან

Wikileaks: 2008 წლის აგრესიის გამო კანადამ რუსეთთან კოსმოსის სფეროში თანამშრომლობას გადახედა

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო კანადამ საკუთარი სამხედრო თანამგზავრის რუსეთის ტერიტორიიდან გაშვება გადაიფიქრა და საამისოდ ინდოეთი ამჯობინა. ამის შესახებ კანადური პრესა Wikileaks-ის მასალებზე დაყრდნობით იუწყება. კანადისა და რუსეთის  შეთანხმებით,  სამხედრო თანამგზავრის SAPPHIRE  გაშვება 2009 წლის ბოლოს ან 2010 წლის დასაწყისში რუსული კოსმოსური ხომალდის მეშვეობით იგეგმებოდა. სანაცვლოდ  „როსკოსმოსს“ კანადისგან  4,5 მილიონ დოლარი უნდა მიეღო.   თუმცა,  როგორც Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული დიპლომატიური მიმოწერიდან ირკვევა, კანადელი მაღალჩინოსნების განცხადებით, საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ კანადა ალტერნატივის ძიებას შეუდგა.

ამჟამად თანამგზავრის გაშვება 2012 წლისთვის, ინდოეთიდან იგეგმება. ამასთან დაკავშირებით კანადის ოფიციალურმა პირებმა აშშ-ს მიმართეს, რათა ინდოეთთან კოსმოსურ სფეროში თანამშრომლობა ვაშინგტონთან  ერთობლივად განავითარონ.

კანადურ მედიას მოჰყავს მანიტობას უნივერსიტეტის მკვლევარის ჯეიმს ფერგიუსონის კომენტარი იმის თაობაზე, რიომ „ეს რუსეთის ქმედებებით უკმაყოფილების გამოხატვის მცდელობა იყო“. ამავე დროს, მისი თქმით, კანადა არ ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციებს ითვალისწინებს, ამგვარად, მისი აზრით, ინდოეთთან გარიგება შესაძლოა ერთჯერადი აქტი იყოს.

კომენტარები