საქართველო-ისრაელი

ისრაელი შობის დღესასწაულზე საქართველოდან პილიგრიმთა ჯგუფებს არ იღებს

საქართველოს საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, საქართველოდან პილიგრიმთა ჯგუფი ისრაელში ვერ ჩავა. საპატრიარქომ ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომლოცველთა 46-კაციანი სია გადაუგზავნეს, თუმცა ყველა მათგანზე უარი მიიღო. 
"გადაგზავნილი საბუთები არც გადაუმოწმებიათ. ჩვენთვის რეალური მიზეზი უცნობია. ეს პირველი შემთხვევაა, რომ საქართველოდან მომლოცველთა დიდი ჯგუფები დიდ დღესასწაულზე ისრაელში ვეღარ ჩავლენ. წმინდა მიწაზე სიწმინდეების მოლოცვის ტრადიცია ბოლო 10 წელია არსებობს და იყო შემთხვევები, როდესაც საქართველოდან დიდ დღესასწაულზე ერთდროულად ისრაელში 1000-მდე მომლოცველი ჩასულა. არ ვიცით, რა იქნება აღდგომისთვის", - განაცხადა საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელმა ნანა ბუაძემ ინტერპრესნიუსთან საუბარში.
პილიგრიმთა ჯგუფებზე უარი მიიღეს ტურისტულმა კომპანიებმაც. შობის დღესასწაულს ისრაელში მხოლოდ ის პირები შეხვდებიან, რომლებმაც ინდივიდუალური ვიზები მიიღეს ისრაელის საელჩოდან.

კომენტარები